ელგუჯა ხოკრიშვილმა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, ახლადდამონტაჟებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერა. მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.
თეთრიწყაროს რაიონში დღემდე, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ვერ ხორციელდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა. ახლადდამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დღე-ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაზომავს და მონაცემებს ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, მოსული ნალექების ინტენსივობის და რაოდენობის, ასევე ატმოსფერული წნევის შესახებ, ინფორმაციის დამუშავების ცენტრს გადასცემს. თეთრიწყაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის არსებობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც, სამეურნეო საქმიანობისთვის.