წაუყენებს თუ არა პროკურატურა ბრალს გია ბარამიძეს გენერალ ვაშაკიძის საქმეზე
პარლამენტს, შესაძლოა, ვიცე-სპიკერ გია ბარამიძისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მოუწიოს მსჯელობამ. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე გააგზავნა ამ საკითხზე პარლამენტში წერილი. საგამოძიებო უწყებაში აფრასიძეების საქმის გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. სისხლიან ოპერაციას კი სწორედ ზემოთ ნახსენები პირი მეთაურობდა. ეს სასაკლაო მესტიის რაიონის სოფელ ეცერში 2004 წლის მარტში მოეწყო.
„ნიუსპრესისთვის” ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბადაშვილის უწყებამ ბარამიძეს შესაძლოა, კიდევ უფრო ძველი ცოდვა მოჰკითხოს. ეს ცოდვაც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
„ვარდების რევოლუციიდან” ცოტა ხანში, თბილისში დაუდგენელმა პირებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის” ერთ-ერთი თავკაცი თამაზ მაღლაკელიძე გაიტაცეს. თითქმის ერთი თვის შემდეგ ბარამიძემ მისი გათავისუფლების შესახებ გვამცნო. შსს-მ მაღლაკელიძის გამტაცებლებიც დააკავა. ისინი სამნი იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი გენერალი გია ვაშაკიძე იყო. იმ დროისთვის ის საცხოვრებლად მოსკოვში იყო წასული. რუსეთის დედაქალაქში სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა და საქართველოში საახალწლოდ იყო ჩამოსული. ამ სტუმრობისთვის მან ლამის ათწლიანი პატიმრობა მიიღო. ვაშაკიძესთან ერთად მისი მეგობრები ელდარ გოგბერაშვილი და ბენიამინ სანებლიძეც დააკავეს.
ეს 2004 წლის 9 იანვარს მოხდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია რომ ვაშაკიძეს სახელმწიფო გადატრიალებას „ტენიდნენ”. ის ძველი „მხედრიონელი“ გახლავთ და სააკაშვილზე და „ნაციონალებზე“ დიდად არ გიჟდებოდა. ამის გარდა, აქ იგორ გიორგაძის ფაქტორიც იყო. ვაშაკიძე და გიორგაძე წარმოშობით სამტრედიიდან არიან და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. იგორის სახით კი აქ დიდი საფრთხობელა იყო შექმნილი. ამ საფრთხობელას კარგად იყენებდა შევარდნაძე. ამ საფრთხობელის გამოყენება გადაწყვიტა მის მიერ აღზრდილმა სააკაშვილმაც. გენერალ ვაშაკიძეს ბარამიძე სთხოვდა, რომ მას გიორგაძესთან ერთად გადატრიალების მოწყობა ეღიარებინა. სასურველი ჩვენების მისაღებად ვაშაკიძე თავის მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე აიყვანა, სადაც დაკავებულები სასტიკად აწამეს. წამებაში გია ბარამიძეც მონაწილეობდა. დაზარალებულების თქმით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით ვაშაკიძის ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულებს ჩხრეკის მომენტში ჩაუდეს იარაღები. წინასწარი დაკავების იზოლატორის ნაცვლად კი ისინი სასაფლაოზე აიყვანეს, სადაც მათი სასტიკი წამება მოხდა. ადვოკატი გია დარჩია იმასაც ამბობდა, რომ არიან მოწმეები, რომლებიც წამებაში ბარამიძის მონაწილეობას დაადასტურებენ. სასურველი ჩვენება ბარამიძემ ვერ მიიღო. ამის შემდეგ დაკავებულებს მაღლაკელიძის გატაცება დასდეს ბრალად. არადა, თავად მაღლაკელიძე აცხადებდა, ამათ არ გავუტაცებივარო. ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სტრასბურგშიც არის გაგზავნილი, საიდანაც პასუხი ჯერ არ ჩანს. პროკურატურა კი ამ საქმით ძალიან არის დაინტერესებული.
წყარო: newspress.ge