რა ოდენობის პრემიები რიგდებოდა თბილისის მერიაში გიგი უგულავას მმართველობისას
2011-2013 წლებში ყოველ რელიგიურ თუ საერო დღესასწაულზე თბილისის მერიის ხელმძღვანელობა 150-დან 450 ათას ლარამდე პრემიას ირიგებდა – ამის შესახებ ინფორმაციას Resonancedaily აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ამ პრემიების გარდა, უბრალო შედარებით ირკვევა, რომ ხელისუფლების შეცვლამდე მერიაში თანამდებობის პირის ყოველთვიური შემოსავალი, ხელფასის, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით, საშუალოდ, 3000 ლარით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლაა. ამის მიუხედავად, მერიის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ ფანტასტიკურ პრემიებს იღებდნენ და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდნენ, დედაქალაქის ახლანდელ ხელისუფლებას სწორედ მაღალი ხელფასებისა და პრემიებისათვის აკრიტიკებენ.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2014 წლის აგვისტოში, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ პრემიებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დანამატები დატოვეს, რომლიც, მათი განმარტებით, „დარეგულირდა და სისტემაში მოექცა”.
მიუხედავად ამისა, ოპონენტები „ნაცმოძრაობიდან” ქალაქის მთავრობას მაღალი ხელფასებისა და დანამატების გამო მუდმივად აკრიტიკებენ. პასუხად მერიამ გამოაქვეყნა კონკრეტული მონაცემები, სადაც ახალი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აღებული თანხებია ასახული. მერია ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ. ამის პარალელურად, მოყვანილია 2013 წლის 6 თვეში დედაქალაქის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აღებული ხელფასი, პრემია და სახელფასო დანამატი.
6 თვეში ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ხელფასის (14 888 ლარი), პრემიისა (6 360) და დანამატის (20 225) სახით სულ 41 473 ლარი აიღო, ხოლო მოქმედი მერი დავით ნარმანია მხოლოდ ხელფასს დასჯერდა და ამ თანხამ სულ 18 921 ლარი შეადგინა. ასევე, ყოფილმა ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ხელფასის (17 700), პრემიისა (14 750) და დანამატის (22 020) სახით სულ 54 470 ლარი მიიღო, ხოლო მოქმედმა ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა ხელფასისა (17 405) და დანამატის (21 003) სახით ჯამში უგრეხელიძეზე დახლოებით 16 ათასით ნაკლები, 38 408 ლარი აიღო.
იგივე სიტუაციაა მერის მოადგილეებთან დაკავშირებით. ცხრილიდან ჩანს, რომ მოცემულ პერიოდში გიგი უგულავას მოადგილე ირაკლი აბესაძეზე ხელფასის სახით 16 800, პრემია 14 000 და დანამატი – 20 520 ლარი გაიცა, ანუ სულ 51 320 ლარი. იგივე ოდენობის თანხა გაიცა უგულავას სხვა მოადგილეებზეც. ხოლო ნარმანიას მოადგილეებმა – ნინო ხატისკაცმა, ალუდა გოგლიჩიძემ, გიორგი სოლომონიამ – წინამორბედებზე დაახლოებით 15 ათასით ნაკლები – 36 398 ლარი აიღეს, ხოლო გიორგი ხელაიამ – 35 465 ლარი.
ცხრილში ასევე ჩანს მერიის საქალაქო სამსახურების ყოფილი და ახლანდელი უფროსების, მაშინდელი და მოქმედი გამგებლების მიერ მიღებული გასამრჯელოები და უნდა ითქვას, რომ საშუალოდ 6 თვეში “ნაცმოძრაობის” პერიოდში მერიის ერთი თანამდებობის პირის მიერ აღებული თანხა ახლანდელი ერთი თანამდებობის პირის მიერ აღებულს დაახლოებით 15-20 ათასი ლარით აღემატება.
“ოცნების” ერთადერთი წევრი, რომელმაც წინამორბედ “ნაციონალს” აღებული თანხით გადაასწრო, ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნიაა, რომელმაც მოცემულ პერიოდში ხელფასის (15 340) და დანამატის (15 385) სახით 30 725 ლარი აიღო, ხოლო მისმა წინამორბედმა ვახტანგ ბალავაძემ უარი არც ხელფასზე თქვა, არც პრემიაზე და არც დანამატზე, მაგრამ ამ თანხამ მაინც უფრო ნაკლები – 25 876 ლარი შეადგინა.
გარდა ამ ყველაფრისა, “მთელ კვირას” ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, სადაც ჩანს, თუ რა ოდენობის თანხები გაიცემოდა თბილისის მთავრობის ყოფილ წევრებზე “ნაციონალური მოძრაობიდან” პრემიებისათვის არა მხოლოდ ყოველთვიურად, არამედ ყოველი დღესასწაულის წინაც.
მაგალითად, 2011 წლის 22 დეკემბერს, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირადად გიგი უგულავას განკარგულებით 74 მაღალჩინოსანზე (მერზე, მის მოადგილეებზე, სხვადასხვა სამსახურის უფროსებზე, მათ მოადგილეებსა და დედაქალაქის რაიონების გამგებლებზე) პრემიის სახით 467 920 ლარია გაცემული. გიორგი უგულავა (მერი) – 12 7520 ლარი; დავით ნინიძე (ვიცე-მერი) – 10 600 ლარი; დავით ალავიძე (მერის მოადგილე) – 9 880 ლარი; ტარიელ ხიზანეიშვილი (მერის მოადგილე) – 9 880 ლარი; გიორგი ცხაკაია ( მერის მოადგილე) – 9 880 ლარი; ლუბა კოზმავა (მერის ადმინისტრაციის უფროსი) – 9 000 ლარი; ვალერიან გვათუა (საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი) – 8 440; ზვიად არჩვაძე (ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი) – 8 440 ლარი; მამუკა ქაცარავა (სოციალურ საკითხთა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი) – 8 440 ლარი; ალექსი თაბუაშვილი (მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი) – 8 440 ლარი და ა.შ.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ზვიად კერვალიშვილის 2013 წლის 25 დეკემბრის მოთხოვნა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროს ილია ათანასოვს: “შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვირიცხოთ პრემია 330 130 ლარის ოდენობით”. თანხა სულ 120 ადამიანზეა გადანაწილებული – მთავარ სპეციალისტებზე, განყოფილების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე და ასევე 4 შტატგარეშე მოსამსახურეზე.
დოკუმენტში არაა მითითებული, თუ რა სამუშაოს ასრულებდა ეს ოთხი ადამიანი, თუმცა ჩანს, რომ მათ ამისათვის პრემიის სახით, ჯამში 5 130 ლარი აიღეს. გარდა ამისა, 2013 წლის 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულისთვის, მერიის 115 თანამშრომელზე (სამსახურის უფროსებზე, მათ მოადგილეებსა და მთავარ სპეციალისტებზე) 156 200 ლარი პრემია გაიცა. 2013 წლის 20 ნოემბერს, გიორგობისთვის, 119 თანამშრომელზე – 159 315 ლარი პრემია. აქედან ყველაზე მეტი 2 600-2 600 ლარი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელ უფროსსა და მის პირველ მოადგილეს აქვთ აღებული.
დანარჩენი თანამშრომლებისთვის პრემიის სახით გადარიცხული თანხა კი 1000-1700 ლარს შორის მერყეობს. წარმოდგენილ ინფორმაციას ის ადამიანები, ვინც დოკუმენტებში არიან მოხსენიებულნი, არ გაუოცებია. “ნაცმოძრაობაში” ამბობენ, რომ მათ ყოველი ის ლარი დაიმსახურეს, რაც მიიღეს. მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ჩვენთან საუბრისას ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებს შორის აღებულ თანხებს შორის არსებულ საკმაოდ დიდ განსხვავებას “მარტივად” ხსნის.
“ჩვენ მიერ აღებულ თანხებსა და მათ მიერ აღებულს შორის სხვაობა ნამდვილად დიდია და გეტყვით, თუ რაშია საქქმე. ვფიქრობდით, რომ სათანადო ანაზღაურება უნდა ყოფილიყო და საქმესაც ვაკეთებდით. ჩვენს დროს თბილისი აშენდა. ამათ კი ამშენებელი ციხეში ჩასვეს. “ესენი ხელფასის სახით რასაც იღებენ, იმასაც არ იმსახურებენ, რადგან არაფერს აკეთებენ. მხოლოდ პირდაპირი შესყიდვით ავანსებს არიგებენ და ფულს ფლანგავენ. ამან ლარს ბოლო მოუღო. ქალაქი ნაგავს მიაქვს, არც ერთ ადგილას დაგებული ასფალტი არაა ხარისხიანი, ოღროჩოღროა და ფეხით გავლისასაც კი ადამიანს ფეხი ეტკინება,” – აცხადებს უგრეხელიძე.
მისივე თქმით, მართალია, მათ ჰქონდათ ხელფასიც, დანამატიცა და პრემიაც, მაგრამ სწორედ ამიტომ, მაშინ კორუფცია არ იყო. დღეს კი მერიის მაღალჩინოსნებმა ქრთამების აღება დაიწყეს.
“პრემიას ის უნდა იღებდეს, ვინც საქმეს აკეთებს. ვინც ქრთამს იღებს, იმას კიდევ პრემია რად უნდა? ჯობია, პრემიები აიღონ და კორუფციით არ გამდიდრდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს კორუფცია სისტემური ხასიათისაა და მალე ალბათ ამით სამართალდამცავი ორგანოებიც დაინტერესდებიან”, – აცხადებს უგრეხელიძე. იმავე მოსაზრებას აფიქსირებს მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს ახლანდელი დეპუტატი ირაკლი აბესაძეც.
“დიახ, ჩვენ ვიღებდით მაგ ოდენობის თანხებს, თუმცა ნარმანიას ერთი რამ ავიწყდება – მან საკუთარი აპარატის უფროსის თანაშემწეს ხელფასი გაუსამმაგა. ამ ყველაფერთან ერთად, მათ არაფორმალური და უკანონო შემოსავლებიც აქვთ. კორუფციაში არიან ჩაფლულნი და პრემიის აღება ნამდვილად აღარ სჭირდებათ. მათ ის ხელფასიც არ უნდა აეღოთ, რაც აიღეს. ასე რომ, პასუხი ძალიან მარტივია – ნარმანია ამაოდ ცდილობს ამ ციფრებით სხვა თემების გადაფარვას,” – აღნიშნავს აბესაძე.
კითხვაზე, გააპროტესტებდნენ თუ არა, ქალაქის მთავრობის წევრები პრემიებს ახლაც ყოველთვე და ყოველი დღესასწაულისთვის რომ იღებდნენ, აბესაძე შემდეგნაირად გვპასუხობს: “დღესასწაულებზე თანამდებობის პირები პრემიებს აღარ იღებენ, მაგრამ აპარატის უფროსები და თანამშრომლები პრემიებსაც იღებენ და გასამმაგებულ დანამატებსაც. ნარმანია მხოლოდ საკუთარ მეგობრებზე ზრუნავს. თანაც, როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა კორუფციაშია ჩაფლული. ისინი პრემიებს იღებენ, ოღონდ არა საქართველოს ბუჯეტიდან, არამედ მოქალაქეების ჯიბეებიდან. ასე რომ, არ მგონია, ვინმე ფულს იკლებდეს”, – დასძენს ირაკლი აბესაძე.