საქართველოს სახალხო დამცველმა ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და მშვიდობის ინსტიტუტში შეხვედრები გამართა. სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ომბუდსმენმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, მშვიდობისა და უსაფრთხოების დარგში აღიარებულ ექსპერტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობების, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უსაფრთხოების, ქალთა მიმართ ძალადობის მზარდი ტენდენციებისა და, ზოგადად, საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების პროცესში სამოქალაქო განათლების საკითხებზე.
ასევე ისაუბრეს შრომის ინსპექციისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე. „ამ შეხვედრებმა ნათლად დაადასტურა, რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების თანასწორობის პრინციპებისა და სამოქალაქო ღირებულებებისადმი ერთგულებას; ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები