ფინანსთა სამინისტროსთან ინციდენტი მოხდა

ნოდარ ხადურის გადადგომის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროსთან აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ნოდარ ხადურთან შეხვედრის მიზნით შენობაში შესვლა სცადეს, რისი უფლებაც მათ დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, საქართველოში კრიზისსა და ეროვნული ვალუტის ვარდნას მთავრობა ვერ უმკლავდება. “დღეს ჩვენ შევეცდებით, ფინანსთა მინისტრს ცოტა დისკომფორტი შევუქმნათ. გაგვცეს არა რაღაც ბუნდოვანი, არამედ კონკრეტული პასუხები, როდის დაუბრუნდება ლარი ისეთ კურსს, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება,” – განაცხადა ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წევრმა ბეჟან გუნავამ.
აქციაზე იმყოფება “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა. მისი თქმით, პირადად მინისტრების მიმართ მათ პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა ქვეყანას ესაჭიროება პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა. აქციას ცოტა ხნის წინ იპოთეკარებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები