პარლამენტში ნინო გვენეტაძის მოსმენა დღეს მეორედ ჩაიშალა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის 12:00 საათზე უნდა მოესმინათ, თუმცა “ქართული ოცნების” წევრების მიუსვლელობის და კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა. “ქართული ოცნებიდან” სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდნენ ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი, ფრაქციამ არც მათი ადგილმონაცვლეები წარმოადგინა.
ნინო გვენეტაძის მოსმენა 19:00 საათზე გადაიდო, თუმცა დარბაზში, სადაც კომიტეტი უნდა შეკრებილიყო, მხოლოდ ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და გიგა ბუკია მივიდნენ.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ექვსი დეპუტატი, რომლებიც კომიტეტის დილის სხდომაზე იმყოფებოდნენ, ამჟამადაც პარლამენტის შენობაში არიან, თუმცა მათ მისვლას აზრი არ აქვს, რადგან სხდომის გახსნისთვის 2 პარლამენტარი ისევ არ მივიდა და ფრაქციას არც მისი ადგილმონაცვლეები ჰყავს წარმოდგენილი.