დავით უსუფაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო საქართველოსთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე სრული კონსენსუსია. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო-ხორვატიას შორის საუკეთესო ურთიერთობებია, მაგრამ ეს ურთიერთობები საჭიროებს გააქტიურებას, თანამშრომლობის პოტენციალის აღმოჩენას ყველა შესაძლო მიმართულებით და მისი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
გრაბარ-კიტაროვიჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას სტუმრობისთვის, თანადგომა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ამოცანას ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაართმევს თავს. მან ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ისურვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და ამ რეგიონების სრული ინტეგრირება საქართველოს შემადგენლობაში.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება და ამ პროცესისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მისი განცხადებით, ორი ქვეყნის უმაღლეს დონეებზე უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს კონსულტაციები, ხდებოდეს აზრთა გაცვლა, რადგან ამ ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის აზრით, მნიშვნერლოვანია ურთიერთობა გააქტიურდეს ტურიზმის, ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროებშიც.