ნინო ჩხობაძე: რადიოაქტიური ნარჩენებისგან ბინძურ ბომბს ამზადებენ
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, მცხეთის ბირთვულ რეაქტორს ყიდიან, რადიოაქტიურ ნარჩენებს კი ამერიკელების მიერ აგებული სპეციალური საცავიდან ამოიღებენ და სოფელ მარტყოფში გადაიტანენ – ამის შესახებ ნინო ჩხობაძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აღნიშნავს. ნინო ჩხობაძე გამოცემასთან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
„მართალია, დოკუმენტები არ მიჭირავს ხელში, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ მარტყოფში აპირებენ რადიოაქტიური ნარჩენების გადატანას, რაც დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა და ტურიზმი განვითარდეს. ცნობილია, რომ რადიოაქტიური ნარჩენებისგან ბინძურ ბომბს ამზადებენ, ასე, რომ სახელმწიფოს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. სააკაშვილის პერიოდში ამერიკიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ააშენეს ნარჩენების შესანახიც და სამარხიც. სხვათა შორის, საქართველოში მხოლოდ ერთი სამარხია. შესანახი სოხუმშიც არის, მაგრამ ამჟამად რა მდგომარეობაშია, არ ვიცით. მცხეთიდან რადიაქტიური ნარჩენები რომც გაიტანონ, ტერიტორიის გასხვისება დაუშვებელია, რადგან რეაქტორის აქტიური ნაწილი იქ არის დამარხული და 500 წელი ვერავინ შეეხება. არ შეიძლება დემონტაჟი, მისი ადგილიდან დაძვრა. ბირთვულ რეაქტორზე ფულის კეთება დაუშვებელია. ჩვეულებრივ მოკვდავს ამაზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. საერთაშორისო კონვენციით უამრავი ვალდებულება ავიღეთ და ამ საკითხზეც სახელმწიფოა ვალდებული“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.