თბილისელი მფრინავი -“კაფელშჩიკი” კიევს დაბომბვით ემუქრება!

თუკი რუსული ავიაცია უკრაინას დაბომბავს, კრემლის პროპაგანდა განტევების ვაცად თბილისელ პილოტ არამს აქცევს, რომელიც კიევს დაბომბვით ერთხელ უკვე დაემუქრა…
„კიევამდე კი არა, ლვოვამდეც ჩავალთ! მე ლუგანსკში მოხალისედ საქართველოდან ჩამოვედი, მაგრამ სომეხი ვარ. აქ გასული წლის აგვისტოდან ვარ, რათა ფაშიზმს ვებრძოლო“, – ასეთი განცხადება გააკეთა 17 იანვარს რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემაში სამხედროფორმიანმა მამაკაცმა, რომელიც L-29 “დელფინის” ტიპის სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის წინა კაბინაში იჯდა.
ჩვენ, ბუნებრივია, დავინტერესდით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოდან ჩასული პილოტი, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მხარეზე იბრძვის და კიევსა და ლვოვს დაბომბვით ემუქრება?! ჟურნალისტურმა გამოძიებამ საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანა – ლუგანსკის აეროდრომზე მყოფი მფრინავი, არც მეტი, არ ნაკლები, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი პილოტი არამ ავაგიანი აღმოჩნდა!
პრორუსი სეპარატისტების მხარეზე რომ რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის, ისედაც ვიცოდით, მაგრამ მათ შორის ქართული სამხედრო ავიაციის ყოფილი პილოტი თუ აღმოჩნდებოდა, არ მოველოდით.
“კვირის პალიტრამ” არამ ავაგიანის ბიოგრაფია მოიძია და აი, რა დაადგინა: 50 წელს გადაცილებული მფრინავი თბილისელი სომეხია, მშვენივრად იცის ქართული, ჰყავს ოთხი შვილი. იგი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში 1993 წლის გაზაფხულზე ჩაირიცხა, როდესაც საშვეულმფრენო ესკადრილია შეიქმნა. მას საბჭოთა სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თუმცა, “დოსააფში” კარგად აითვისა Ми-2 ტიპის შვეულმფრენის პილოტაჟი და მფრინავ-სპორტსმენის კატეგორიაც მიიღო. საშვეულმფრენო ესკადრილიაში მას Ми-8Т ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის მართვა ასწავლეს და მისი მეთაურიც გახდა. აფხაზეთის ომის დროს არამ ავაგიანს შესრულებული აქვს სატრანსპორტო რეისები სოხუმში და ვფიქრობთ, კოდორის ხეობიდან ლტოლვილების გამოყვანის საჰაერო ოპერაციაშიც მონაწილეობდა, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. არამ ავაგიანი, ალბათ, ისევ იფრენდა ქართული არმიის შვეულმფრენით, რომ არა მძიმე შემთხვევა – 90-იანი წლების ბოლოს შვეულმფრენის ჩამოვარდნის გამო იგი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებიდან დაითხოვეს.საავიაციო შემთხვევა მე¬სტიაში მოხდა. Ми-8Т ტიპის შვეულმფრენი, რომლის მეთაური სწორედ არამ ავაგიანი იყო, აფრენისთანავე გვერ¬დზე გადაიხარა და მცირე სიმაღლიდან მიწას დაენარცხა. შვეულმფრენი, საბედნიეროდ, არ აფეთქებულა. მასში მსხდომნი დაშავდნენ, მაგრამ არავინ გარდაცვლილა. დაზიანებული შვეულმფრენი ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ისე ჩამოიტანეს თბილისში. იგი აღარ აღუდგენიათ. საავიაციო ავარიის შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, შვეულმფრენის პილოტირებისას ეკიპაჟმა და უპირველესად, მისმა მეთაურმა არამ ავაგიანმა დაუშვა შეცდომა, რაც გახდა კიდეც შეიარაღებული ძალებიდან მისი დათხოვნის საფუძველი.
არამ ავაგიანმა 2007 წელს სცადა, დაბრუნებულიყო საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში. მან 2-3 თვე იარა კიდეც ალექსეევსკის შვეულმფრენთა ბაზაზე, თუმცა, ქართული არმიის რიგებში მაინც არ აღადგინეს. ნაცნობები ამბობენ, რომ “დიდ ავიაციას” ჩამოშორებული არამ ავაგიანი ბოლო დროს კაფელს აგებდა. მას კარგხელიან “კაფელშჩიკად” იცნობენ და თბილისის არაერთ სახლში შეიძლება მისი ნახელავის ნახვა. თუმცა, დავუბრუნდეთ 17 იანვარს რუსული ტელეარხებით ნაჩვენებ ტელესიუჟეტებს, რომელთა მთავარი გმირი თბილისელი მფრინავი, “კაფელშჩიკი” არამ ავაგიანი იყო. რუსმა ჟურნალისტებმა ის “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” პირველ სამხედრო მფრინავადაც კი მონათლეს. სინამდვილეში ეს ტელესიუჟეტები რუსეთის პროპაგანდისტული ნაბიჯი გახლდათ, რადგან არც თბილისელმა მფრინავმა იცის, სავარაუდოდ, “დელფინის” კარგად მართვა (იგი შვეულმფრენის პილოტია) და არც ტელესიუჟეტებში ნაჩვენები L-29 აფრენილა ლუგანსკის აეროდრომიდან! რუსული პროპაგანდისტული ტელესიუჟეტები გადაღებულია ლუგანსკის საავიაციო მუზეუმის აეროდრომზე, სადაც სხვადასხვა ტიპის 50-მდე საფრენი აპარატია გამოფენილი, მათ შორის – სტრატეგიული დანიშნულების, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო Ту-142-იც კი. პროპაგანდისტებს შეეძლოთ, არამ ავაგიანი უზარმაზარ Ту-142-შიც ჩაესვათ და ეთქმევინებინათ, ლუგანსკიდან მხოლოდ კიევსა და ლვოვს კი არა, თუ საჭირო იქნება, ვაშინგტონსაც დავბომბავო! რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა ძველი მეთოდებით მუშაობს. გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომში რუსეთი Су-25-ებს, რომლებიც ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, აფხაზურად ასაღებდა – ისინი, თურმე გუდაუთის აეროდრომის სიახლოვეს საავტომობილო გზიდან ფრინდებოდნენ. იანვრის დასაწყისში ლუგანსკის საავიაციო მუზეუმის ორი ექსპონატი – ზემოხსენებული L-29 “დელფინი” (რომელსაც აფრენა არ შეეძლო) და მოიერიშე Су-25 გადაღებეს და რუსული ტელევიზიებით “გააპია¬რეს”, როგორც “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” საბრძოლო ავიაციის “პირველი მერცხლები”. ეს პროპაგანდისტული ნაბიჯი რუსულ სპეცსამსახურებს იმისთვის დასჭირდათ, რომ თუკი უკრაინის არმიის პოზიციებს რუსული თვითმფრინავები დაბომბავენ, კრემლს პასუხი მზად ექნება – რუსული ავიაცია რა შუაშია, საჰაერო იერიში “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” პირველმა მფრინავმა, თბილისელმა არამ ავაგიანმა მიიტანა უკრაინელ ფაშისტებზეო…

ირაკლი ალადაშვილი, გაზეთი “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები