ოთხი ახალი მოწმე კიწმარიშვილის საქმეში – „არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს“
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც ოთხი მოწმის გამოჩენას გულისხმობს, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ზურაბ კიწმარიშვილი საუბრობს.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მათგანი მკვლელობის თანამონაწილე იყოს.
„გამოიკვეთა ოთხი პირი, რომელთაგან სამი დაკითხულია, ერთის კვალი ჯერ არ ჩანს… არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც ამ ხალხს უკავშირდება, ამიტომაც გახდნენ გამოძიებისთვის საინტერესო. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ყველაფრის თქმა არ შემიძლია… ისინი სხვადასხვა მიზეზით გამოჩნდნენ და ამას წინ რა უძღოდა, ვერ გეტყვით… მათ შორის არის პირი, რომელზეც გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა მოიმატა… არ ვამტკიცებთ, თუმცა, არც გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი იყოს დამნაშავე, მკვლელობის თანამონაწილე, ან ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს გარდაცვლილის ძმა.
ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, ოთხი პირიდან ერთ-ერთი ჯერ არ უპოვიათ. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბიოლოგიური ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა, საიდენტიფიკაციოდ გამოიყენონ. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ნიმუშები აღებულია ავტომანქანიდანაც და არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს.
„თუ გამოჩნდა ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა ჩატარდება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბიოლოგიური ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა საიდენტიფიკაციოდ გამოიყენონ. ნიმუშები აღებულია ავტომანქანიდანაც, არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს“, – აცხადებს ეროსი კიწმარიშვილის ძმა.
როგორც ზურა კიწმარიშვილი აღნიშნავს, შეუძლებელია, არ აღიარო, რომ სწორად არის შერჩეული ხელსაყრელი დრო, ადგილი.
„საქმეშიც მტკიცებულებების სიმწირეა, არ არის დამნაშავის მკვეთრი კვალი. აქედან გამომდინარე, დამგეგმავიც და შემსრულებლებიც პროფესიონალები იყვნენ. ჩემი აზრით, მკვლელობა უკავშირდება ეროსის გეგმებს და მიზანი მისი შეჩერება იყო. ანგარიშსწორებასა და შურისძიებას გამოვრიცხავ“, – აცხადებს კიწმარიშვილი.