„ნინო გვენეტაძეზე ვერცერთი პიროვნება გავლენას ვერ მოახდენს“- უფლებადამცველები პრეზიდენტს არჩევანს უწონებენ
უფლებადამცველები საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენას მიესალმებიან. საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გააკრიტიკეს და წარდგენილ კანდიდატს სრული ნდობა გამოუცხადეს.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კუბლაშვილისგან განსხვავებით გვენეტაძე თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთებს არ შეასრულებს.
„გასული ათი წელი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის წყალში გადაყრილია. ქართულ სასამართლოს კუბლაშვილის სახით სათავეში ედგა ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უშუალო დირექტივებს და პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა, ატარებდა მათ პოლიტიკას და მთლიანად მათი გავლენის ქვეშ იყო. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარი ღირებულება თავისუფალი სასამართლოა.
რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ის პრინციპული ადამიანია, წლების განმავლობაში ძალიან სამართლიანი და ღირსეული მოსამართლე იყო. ის არასდროს ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელი გახდეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წარსულს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ის წარსულში ერთ-ერთი პარტიის წევრი იყო.
გვენეტაძის კანდიდატურა წარდგენილ 28 კანდიდატს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული იყო და მგონია, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს. პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის წარდგენით სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა.
გვენეტაძის დამოუკიდებლობაში ეჭვი არ ეპარება „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს. კობაიძის მტკიცებით, ნინო გვენეტაძეზე გავლენას ვერავინ მოახდენს და მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ის სამართლიანი სასამართლოს სადარაჯოზე დადგება.
„ნინო გვენეტაძე შეძლებს სამართლიანი სასამართლოს და კანონის უზენაესობის დაცვას. ის თავის საქმის ძლიერი პროფესიონალია, გამოირჩევა პრინციპულობით. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ის წარსულში ერთ-ერთი პარტიის წევრი იყო, ვერცერთი პიროვნება მასზე გავლენას ვერ მოახდენს. კოტე კუბლაშვილმა თავის დროზე სწორედ იმიტომ დაატოვებინა მას უზენაესი სასამართლო, რომ მასზე გავლენა ვერ მოახდინეს და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთები არ შეასრულა“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.