მაია ფანჯიკიძე გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, თბილისიდან ანტი ტურუნენი სოხუმში გაემგზავრება, სადაც ჟენევის დისკუსიების იქაურ მონაწილეებს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს არის მოსამზადებელი ვიზიტი ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემას, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რაც ჟენევის დისკუსების ბოლო რაუნდის წინ მოხდა და იმაზე, რაც მოხდება. “ვგულისხმობ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას საქართველოში, კოჰაბიტაციის დასასრულს, ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და იმ მოლოდინს, რომელიც ჩვენ გვაქვს 2014 წლისთვის. გარდა ამისა, მომდევნო რაუნდისთვის სოჭის ოლიმპიური თამაშები იქნება ჩატარებული და ძალიან ბევრი რამე, ჩემი აზრით, გამოჩნდება სწორედ ოლიმპიური თამაშების შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, იძლევა თუ არა ეს ყველაფერი ჟენევის მოლაპარაკებებისთვის რაღაც ახალი იმპულსის მინიჭების საშუალებას. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ, როგორც დეკემბერში, რომლის დროსაც უკვე რამდენიმე ცვლილება მომხდარი იყო, ჟენევა იყო შედარებით უფრო დადებითი და კონსტრუქციული, ასევე გაგრძელდება მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე. მე იმედი მაქვს, რომ პატარ-პატარა მიღწევები იქნება კიდევაც”,- დასძინა ფანჯიკიძემ. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა კი აღნიშნა, რომ დღეს განიხილეს, როგორც ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე გაეროს თანამშრომლობა საქართველოსთან. “ასევე განვიხილეთ ამ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები”,- აღნიშნა ტურუნენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები