დავით უსუფაშვილი ზურაბ აბაშიძეს მიმართავს: გთხოვთ, წერილობით მომაწოდოთ…

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუწოდებს, თავისი გამოთქვამები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც „ხელისუფლებას კოლეგები უკიჟინებენ“. „დიდ ზურაბ აბაშიძეს მივმართავ, გაითვალისწინოს, რომ დარბაზში არის პატარა უსუფაშვილი, უმცროსი ზურაბ აბაშიძე, დიდი აკაკი მინაშვილი და თავისი გამოთქმები, შენიშვნები და ფრაზეოლოგია მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც ჩვენი პატივსაცემი კოლეგები გვიკიჟინებენ. როგორც ბიბლიაში არ უნდა შეცვალო სიტყვა, ამ დონის დოგმატამდე უნდათ მიიყვანონ ნატო-სთან დაკავშირებული საკითხები.
გთხოვთ, რომ წერილობით მომაწოდოთ, რა ფრაზით შეიძლება იმ რეალობის აღწერა, რომ დიახ, სამწუხაროდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე სწრაფი ვერ აღმოჩნდა, როგორც თქვენ გეგონათ 2008 წელს, როგორც მე მეგონა, რომ 1995 წელს უნდა ვყოფილიყავით და, როგორც ყველას გვინდა, რომ ნატო-ში ხვალ და ზეგ მოვხვდეთ. ეს რეალობაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ამ ჩარჩოში ვმოძრაობთ.
დამეთანხმებით, რომ თუკი უცხოელებთან ურთიერთობა თქვენ გაქვთ, მეც მაქვს და სრული პასუხისმგებლობით ხალხს ვეუბნები, მე არ შემხვედრიან არც ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობების და არც პოლიტიკური ძალების წევრები, რომლებსაც უთქვამთ, რომ „ქართულო ოცნებავ“, ამ ორი წლის მანძილზე ეს რომ ასე გაგეკეთებინათ, ნატოში გაწევრიანების პროცესში უფრო წინ იქნებოდითო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძემ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს. „ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქრთველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, უპირველესად, საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის ჯარის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“,- განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი განცხადებას, მისი თქმით, რუსეთი მზადაა, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, თუ ნატო-ში საქართველოს „შეთრევა“ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები