პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ რუსეთის მხრიდან “შესაბამისი ზომებისთვის” მზად ვართ

საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ არ წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც აღნიშნულს ადასტურებს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, გავლილმა ორმა წელმა აჩვენა, რომ ჩვენ რუსეთის მხრიდან “შესაბამისი ზომებისთვის” მზად ვართ.
“როგორც ჩანს, თქვენთვის ლავროვის სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს. თქვენ უსმინეთ ლავროვს და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ. ორმა წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვართ ავანტიურისტი მთავრობა, პროვოკაციებს არ ვეგებით, შეცდომებს არ ვუშვებთ, რომლებსაც მერე იყენებს რუსეთი. ორმა წელმა აჩვენა ისიც, რომ ჩვენ შესაბამისი ზომებისთვის მზად ვართ. რუსეთი ასეთი აგრესიული არ ყოფილა არასდროს, რაც მსოფლიოს აჩვენა. 2008 წელი ვერავინ დაინახა, ახლა კი ყველა ხედავს. იმ ფონზე, როცა რუსეთი ასეთი აგრესიულია და ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს უამრავ სხვადასხვა პროვოკაციაში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ. ორი წელი ისე გავიარეთ, რომ არ გვყავს არც ერთი დაღუპული, არც ერთი დევნილი, არ გვაქვს არც ერთი დაკარგული სოფელი და ქალაქი. ეს ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა ვერ შეძლო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ “დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.
სახელმწიფო მინისტრი აღნიშნულს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მიზნის მიღწევას თავისი დრო სჭირდება. “დღეს და ხვალ ეს ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს. ჩვენ ჯერ MAP-იც არ მიგვიღია, ასე, რომ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატო-სკენ და მე სხვა სივრცეში ვერც წარმომიდგენია საქართველო. ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი, მაგრამ, ბუნებრივია, მას სჭირდება მუშაობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა თანამიმდევრული ნაბიჯების პროცესი. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ “ოთარაანთ ქვრივიდან”, რომელიც ამბობს, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო, ანუ 7-თვიანი არავის არ უნდა, არც ექვსი და ხუთთვიანი. ყველა მიზანს თავისი დრო აქვს. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა აუცილებლად მივალთ ნატო-მდე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები