“საქართველოს თანამიმდევრული და მტკიცე პოზიციის შედეგად რუსეთი უკან დაიხევს”
ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება – ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, მოხდეს რუსეთის მხრიდან საზღვრების კორექცია, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების შესახებ გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებას.
დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს თანამიმდევრული და მტკიცე პოზიციის შედეგად რუსეთი უკან დაიხევს.
„ჩვენი რეაგირება არის დიპლომატიური არხებისა და დიპლომატიური საშუალებების მობილიზება. ცხადია, აქ არის რეგიონული კონტექსტი, აქ საუბარია საქართველოზე, უკრაინაზე და ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, რათა რეაგირება იყოს მტკიცე”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მოსკოვში, დღეს რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ამ მიზნით რუსეთში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ სანაკოევი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.