„სავარაუდოა, რომ აბაშიძე -კარასინის შეხვედრისას წინა პლანზე პოლიტიკური საკითხები წამოიწევს“
„აბაშიძე – კარასინის დიალოგის დროს დიდი შანსი და მოლოდინია იმისა, რომ გარდა იმ თემებისა, რომელიც არის ხოლმე დასახელებული და რომელიც, ძირითადად, სავაჭრო ურთიერთობებს ეხება, პოლიტიკური საკითხებიც განიხილება“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე წინა პლანზე პოლიტიკური საკითხები წამოიწევს. „საუბარი ისეთ თემებსაც შეეხება, რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ. სავარაუდოა, რომ წინა პლანზე პოლიტიკური საკითხები წამოიწევს, ისე, რომ ეს განცხადებული არ იქნება. თავისთავად ამ ფორმატის აღდგენა უკვე შედეგია და მიუთითებს იმაზე, რომ რუსული მხარეც დაინტერესებულია ამ ფორმატით“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ აბაშიძე -კარასინის დიალოგი თებერვლის ბოლოდან აღდგება.