„აბაშიძე-კარასინის დიალოგი პრობლემების მოსაგვარებლად ჟენევის ფორმატზე უფრო ხელშემწყობი იქნება “

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აბაშიძე კარასინის ფორმატის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. ექსპერტი კარასინისა და აბაშიძის დიალოგის აღდგენას მიესალმება და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალოს.
საყვარელიძის განცხადებით, დღეს თუ ვინმესთვის არის ყველაზე რთული რუსეთთან დიალოგი, ეს ალბათ უკრაინაა, მაგრამ ამის მიუხედავად, პოროშენკო პუტინს ხან „მრგვალი მაგიდის“, ხანაც კი ტელეფონის მეშვეობით ეკონტაქტება. ექსპერტის შეფასებით, რუსეთ- უკრაინის მაგალითზეც ჩანს, რომ თუნდაც ის ფორმატი, რაც გაგვაჩნია რუსეთთან, ამოსაღები არაა. მისი თქმით, რაც მეტი იქნება მოლაპარაკებების ხაზი, უფრო ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ ურთიერთობას უფრო ქმედითი სახე მიეცეს.
„რაც უნდა ამაყად ეჭიროს რუსეთს თავი, აშკარაა, რომ ის კომფორტულ მდგომარეობაში არ არის. სავარაუდოა, რომ რუსეთი როგორც უკრაინის, ისე საქართველოსთან მიმართებაში სურათის შეცვლას შეეცდება. რუსეთი მიდის დაღუპვისკენ. თუკი მას სურს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარება, მან ეს უკრაინის და საქართველოს ხაზით უნდა გააკეთოს. ის დასავლეთთან მოაგვარებს ურთიერთობას, თუკი ის ისეთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს. ეს ფორმატი უფრო შედეგის მომცემი იქნება, ვიდრე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. რუსეთისთვის ბევრი რამ თავის თავშივე გაურკვეველია“,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები