„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზურაბ ჯაფარიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჯაფარიძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
“კვირა” ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წევრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივან, ზურაბ ჯაფარიძის 2015 წლის 17 თებერვლის საჯარო განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები“, ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“ (სტილი დაცულია). ორგანიზაცია მიმართავს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, საკუთარი განცხადება საზოგადოებას კონკრეტული დოკუმენტებით დაუსაბუთოს, ვინაიდან პოლიტიკოსის მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადება მიუთითებს ფაქტზე, თუკი ორგანიზაციის ფარული კავშირები ხელისუფლებასთან და ხელისუფლების დავალებების შესრულება „ყველა ინფორმაციით დასტურდება“, ზურაბ ჯაფარიძე ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე, საკუთარი განცხადების ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც გაასაჯაროვოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზურაბ ჯაფარიძის 2015 წლის 17 თებერვალს, მასობრივი-საინფორმაციო საშუალებებით გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულს და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ განცხადებას უწოდებს. იურიდიული შეფასებით, ადგილი აქვს ცილისწამებას და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების განზრახ გავრცელებას. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს ზურაბ ჯაფარიძეს, გამოიყენოს გონივრული ვადა და 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, საჯარო სივრცის მეშვეობით, მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა ან დადასტურება. მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმიანობის თაობაზე, არამედ ნებისმიერი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ საჭიროა მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა მესამე სექტორის მიმართ ნდობა და საზოგადოებრივი დამოკიდებულება იყოს მკაფიო და შესაბამისი. ამ მიმართულებით, ალბათ საინტერესოა მედიის მაღალი ინტერესი, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს და რა შესაძლო კავშირები შეიძლება ჰქონდეთ მათთან საპარლამენტო უმცირესობის ცალკეულ ლიდერებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მიმართავს და გაანმარტებას გააკეთებს – ორგანიზაციის საქმიანობა შეთანხმებული ვერ იქნება ვერც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან ხელისუფლების შტოებთან. ყველას, ვისაც ჩვენი საქმიანობის მიმართ გააჩნია შეფასების სურვილი, შეუძლია ოფიციალურ ვებ-გვერდს ესტუმროს. საქართველოში დამკვიდრებულია სტერეოტიპები, თუკი საზოგადოებისთვის საინტერესო საქმიანოაბას ახორციელებ, აუცილებლად რომელიმე პოლიტიკური გავლენის შემსრულებელი უნდა იყო. ამიტომაც, ამ ე.წ. „იარლიყების ომში“, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრინციპულობა და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი ჩართულობა, სასამართლო გადაწყვეტილებებითაა დამტკიცებული. როდესაც ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები გაასაჯაროვა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ ღია ეთერში ფაქტი ხელისუფლების ე,წ, ცენტრიდან შეკვეთილ ქმედებად მიიჩნია. ჩვენ გიორგი გაბუნიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლეთ და დადასტურდა, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოებრივ უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია. შესაბამისად, ჟურნალისტს არ გადაუცია ინფორმაცია ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. როდესაც ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას ღებულობდა, მურმან დუმბაძემ თქვა, რომ „თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“.
ჩვენ მურმან დუმბაძეს სასამართლო წესით ვაგებინეთ პასუხი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მურმან დუმბაძე 2015 წლის 1 მარტამდე ვალდებულია გაზეთ ,,აჭარაში“ და აჭარის ტელევიზიაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #82 0210014643017) დაკმაყოფილდა ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი და დადგინდა, რომ მურმან დუმბაძის მიერ 2014 წლის 19 სექტემბერს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება ,,დროს“ 20:30 სათიან გამოშვებაში და გაზეთ ,,აჭარის“ 2014 წლის 23-24 სექტემბრის #106 (23.916) გამოცემაში ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შესახებ გავრცელებული ცნობები არის ცილისწამება“. ორგანიზაცია კიდევ ერთი დავის გადაწყვეტის მოლოდინშია, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლის, ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორის და ჟურნალისტის, თამარ ჩერგოლეიშვილის საქმეს, რომელმაც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევას ოჯახის ფარულ ბიზნეს-ინტერესებთან მიმართებით, ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწოდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ცალსახა დამოკიდებულება, სამართლებრივი გზით ვუპასუხოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას ლახავს და წარმოადგენს ცილისწამებას. ვერც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელისუფლებასთან ფარული კავშირები, არ დადასტურებულა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ზურაბ ჯაფარიძემ კოლეგა გიგა ბოკერიას ოჯახის მიმართ სოლიდარული განცხადებები, საზოგადოებას უკვე ფაქტებით წარუდგინოს. სხვა შემთხვევაში, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი მომზადდება.

და ბოლოს, საზოგადოებამ ყურადღება უნდა დაუთმოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენას (რომელიც, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, კიდევ 9 ორგანიზაციამ წარადგინა. საინტერესოა, მიიჩნევს თუ არა ბატონი ჯაფარიძე სხვა წარმდგენ ორგანიზაციებსაც ღარიბაშვილის მხრიდან მართულ სექტორად), თუ რატომ მოჰყვა მიუღებელი შეფასებები საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. ჩანს, მართლაც დგება დრო, როდესაც სასამართლო სისტემა რეალური დამოუკიდებლობისთვის ემზადება, რაც ნიშნავს ქართული სასამართლოების მეშვეობით, მოქალაქეთა რეალური ინტერესების დაკმაყოფილებას და სისტემური დანაშაულებების დადასტურების მაღალ სტანდარტს, რაც კონსტანტინე კუბლაშვილის სასამართლო სისტემის ერთპარტიულ დემოკრატიაში, არ შედგა. ამიტომაც, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა შეთანხმებულია ნინო გვენეტაძის პიროვნულ და პროფესიულ ღირსებებზე, სასაცილოა არგუმენტი, თითქოსდა ნინო გვენეტაძე „შევარდნაძის დროინდელი სასამართლოს მოსამართლეა, სადაც კორუფცია იყო“. საინტერესოა, აქვს თუ არა ფაქტები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, კონკრეტულად ნინო გვენეტაძის მხრიდან ქრთამის აღების თაობაზე. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არ არსებობს. სხვა შემთხვევაში, ნინო გვენეტაძის არა მხოლოდ სასამართლო სისტემიდან გაშვებას დასჯერდებოდნენ, არამედ აუცილებლად იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოპასუხე ზურაბ ჯაფარიძესთან დისკუსიას მხოლოდ რაიმე არსებითი შესაძლო ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს. სხვა შემთხვევაში, კანონმდებელმა უნდა იცოდეს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის „ე” ქვეპუნქტის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ჩვენ ამას სასამართლო წესით დავადასტურებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ყველანაირი ინფორმაციით დასტურდება, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა მართული და მათ მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად) არ იმსახურებს ნდობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები