ნინო გვენეტაძეს პარლამენტართა მხარდაჭერის იმედი აქვს

„ეს მუშა და რთული პროცესია, მაგრამ მხარდაჭერის იმედი მაქვს“- აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში დეპუტატებთან შეხვედრას და საკომიტეტო დონეზე მათთვის საკუთარი ხედვების გაცნობას გეგმავს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინდელ დღემდე მისთვისაც უცნობი იყო რომ პრეზიდენტი სწორედ მის კანდიდატურას წარადგენდა.
„ კანონმდებლობით ჩემი მოსმენები გაწერილია საკომიტეტო მოსმენებზე. იმედია შევძლებ ღირსეულად წარვდგე პარლამენტის წინაშე და ყველა მათ კითხვას ამომწურავად ვუპასუხო. რაც შეეხება წარდგენას. შაბათს პრეზიდენტი ყველა კანდიდატს შეგვხვდა. სულ იყო 27 კანდიდატი, შეხვედრა 5 საათს გაგარძელდა. მოკლედ წარმოადგინა ყველამ თავისი ხედვა სასამართლო სასამართლოს განვითარების შესახებ. პრეზიდენტს ჰქონდა კითხვები ყველა პრედენდენტთან. შეხვედრის ბოლოს მან განაცხადა, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს წარადგენდა. გუშინ შევხვდი პრეზიდენტს და ჩემს ხედვებზე მესაუბრა. გუშინ მითხრა, რომ მე ვიქნებოდი წარდგენილი. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე ის კრიტერიუმები, რაც იყო განსაზღვრული აღნიშნული თანამდებობისთვის და ჩემი ხედვები როგორ შევუწყობ ხელს მართლმსაჯულების განვითარებას, მისთვის მისაღები იყო“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება დავით საგანელიძის პრეზიდენტთან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მარგეველაშვილს 3 კანდიდატი უნდა დაესახელებინა, ნინო გვენეტაძისთვის ცნობილი არ აღმოჩნდა.
„კონკურენტული პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, პროცესის გამჭვირვალობით იყო ნაკარნახევი მისი ინიციატივა იყო. შესაძლოა, ჯერ წრის დავიწროება იგულისხმებოდა, მაგრამ ამ გარე პროცესებზე, რომელიც კანონმდებლობით არ არის განპირობებული და პოლიტიკურია, მე არაფერი შემიძლია ვთქვა“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
შეგახსენებთ რომ დავით საგანელიძემ პრეზიდენტი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. პრეზიდენტთან დღეს დილითაც გახლდით. ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელზეც მე ადრეც გავაკეთე განცხადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო ორი-სამი კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა მათ შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. სამწუხაროდ ეს პრეზიდენტის მიერ უარყოფილ იქნა. მან მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი კანდიდატურის დასახელების შესახებ.
შეთანხმებისამებრ, რომ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებული ყოფილიყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა რა მასშტაბის მხარდაჭერა ექნება ამ კანდიდატს, მას შევთავაზე, რომ კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში და მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც უმჯობესი იქნებოდა, გაეკეთებინა უკვე ოფიციალური განცხადება და კანდიდატურა ოფიციალურად წარმოედგინება. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მიიღო გადაწყვეტილება დაესახელებინა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ეს მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. შესაბამისად, საკითხი კოალიციაში და უმრავლესობაში განხილული არ ყოფილა, შეთანხმებული არ ყოფილა და ძალიან გამიჭირდება კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი. უახლოეს ხანებში კოალიცია საკითხს აუცილებლად განიხილავს და იმედია ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები