ვიქტორია ნულანდი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გავრცელება აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე უნდა მოხდეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გავრცელება აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე უნდა მოხდეს.
ვიქტორია ნულანდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ სურკოვის იმ განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრები უნდა გაუქმდეს. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ ამ პირობებში თავისი სუვერენიტეტი და შეუძლია თუ არა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედი, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის შეერთებული შტატების ურყევი პოზიცია ბოლო 20 წლის განმავლობაში და მომავალშიც ასეთი იქნება. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ გარკვეულწილად იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებლებსაც. საქართველო ამით გახდება უფრო ძლიერი, უფრო თავისუფალი, უფრო ევროპული. ასევე უნდა მოხდეს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე ამის გავრცელება, რათა ვაჩვენოთ მათ ის, რომ უფრო ნათელი და მდგრადი მომავალი ექნებათ აქ, საქართველოში და რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, ვიდრე იარაღის ქვეშ ცხოვრებით”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები