ვიქტორია ნულანდი: ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ უსაფრთხოების სფეროში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი მთავრობას მომავალზე ორიენტირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ისეთი დრო, როდესაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს – ამის შესახებ ვიქტორია ნულანდმა დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მას თან ახლავს თეთრი სახლის, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები და საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
რაც შეეხება ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის მტკიცე ურთიერთობებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მან მადლობა გადაუხადა საქართვლოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ უსაფრთხოების სფეროში. ასევე ახლა ვმუშაობთ ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. ამაში ამერიკის როლსაც ვხედავთ. ასევე, ვისაუბრეთ ძირითად ელემენტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას, გაძლიერებას გამოიწვევდა და გააუმჯობესებდა საინვესტიციო კლიმატს. ეს ისეთი დრო არის, როდესაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მაქსიმალურ ზრდას და ისარგებლონ ამ ზრდით. დიდი შესაძლებლობები მიეცა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით. ასევე, ვისაუბრეთ კანონის უზენაესობაზე, რაც არსებითია იმისთვის, რომ განმტკიცდეს ქართული დემოკრატია და კლიმატი ინვესტიციებისთვის და ასევე საქართველო დარჩეს პოზიტიურ ტრაექტორიაზე”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, იმედის მომცემია საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ გააგრძელოს პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმირება.
“მართლმსაჯულების პროცესი არის არსებითად მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მომავლისთვის იყოს ორიენტირებული. ორიენტირებული იყოს სტრუქტურულ რეფორმებზე, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების სრულყოფილი პროცესები სასამართლოში ამჟამად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ეუთოს რეკომენდაციებს და ეს ისეთი საკითხია, რაზეც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ.
“თქვენი დემოკრატია არის თქვენი უდიდესი დაცვა გარეშე ჩარევისგან. ეს არის ასევე საუკეთესო გარანტია ეკონომიკური რეფორმების წარმატებისთვის. ერთიანობაში ჩვენი გზავნილი არის ერთობისკენ, მომავალზე ორიენტირებისკენ 2015 წლის გამოყენებაზე, რომ რეფორმების პროცესი დაჩქარდეს და ევროპისკენ სვლა დაჩქარდეს. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ჩაჰკიდოს ერთმანეთს ხელი და ითანამშრომლოს, იმუშაოს ერთად ასეთ არსებითად მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენი პარტნიორები ვართ და ჩვენ ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს დღეს ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან, ხოლო ხვალ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები