„აბაშიძემ და კარასინმა საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მომზადებაზე უნდა იმსჯელონ“
ექსპერტი სოსო ცინცაძე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების განახლების საკითხს „კვირასთან“ აფასებს. ცინცაძე ფიქრობს, რომ ფორმატმა კარგად იმუშავა, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოტენციალი ამოწურულია.
ექსპერტი თვლის, რომ აბაშიძე-კარასინს შორის პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე უმთავრესი თემა საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაობზე მსჯელობა უნდა იყოს.
ცინცაძე აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა დიდი ალბათობით, კონკრეტული შედეგის მომტანი არ იქნება, იყოს, თუმცა მისი თქმით, შეხვედრა უნდა შედგეს და გარკვეული ნაბიჯი გადაიდგას.
“აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავისი პოტენციალი ამოწურა. ამ ფორმატმა პირველი ხიდი გასდო რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრაზე, ვფიქრობ, მხარეები უფრო მეტ კონკრეტიკაზე უნდა გადავიდნენ და რუსეთ-საქართველოს პირველი პირების უმაღლესი დონის შეხვედრისთვის დაიწყონ მოლაპარაკებები. სხვანაირად არაფერი გამოვა. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ პუტინისა და პრემიერის შეხვედრას. დიპლომატიაა – სხვანაირად არ გამოვა. დიალოგი უნდა დაიწყოს. ამ დიალოგს შესაძლოა, შედეგი არ მოჰყვეს, თუმცა მოცემულ ვითარებაში ყველაზე უშედეგო მოლაპარაკებაც კი შედეგიანია“,- განუცხადა “კვირას“ სოსო ცინცაძემ.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი განახლებულია. ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა თვის ბოლოს პრაღაში გაიმართება.
ამის შესახებ მხარეები გუშინ საღამოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.