ვიქტორია ნულანდმა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნულანდმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველო-უკრაინის ორმხრივი საკითხია.
“რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიჟეს, რომ იყოს წევრი იმ ფართო მრჩეველთა ჯგუფისა, რომელიც პრეზიდენტმა პოროშენკომ ჩამოაყალიბა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიიღოს ფართო გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ რეფორმების საკითხებზე. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის კერძო მოქალაქე და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს არის საქართველოს მოთხოვნა უკრაინისადმი. ამდენად, ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინას ერთმანეთი სჭირდებათ.
“ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან თქვენ ორივე ცდილობთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დადგეთ და მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი”, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები