69-ე საჯარო სკოლაში 2 მოსწავლეს ფილტვის ტუბერკულოზი დაუდგინდა

„69-ე სკოლაში 2 მოსწავლეს ფილტვის ტუბერკულოზი დაუდგინდა“,- აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისივე განცხადებით, უკვე გამოკვლეულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ.
„ორივე შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს არანაირად არ უკავშირდება. გამოკვლეულები არიან ის ადამიანებიც, ვისთანაც ამ ორ ბავშვს ჰქონდა შეხება. როგორც ცნობილია, ჯერჯერობით აქტიური ტობერკულოზი სხვა შემთხვევებში გამოხატული არ არის“,- აღნიშნა ზახაშვილმა.
ზახაშვილმა გრიპის ვირუსზეც ისაუბრა. მისი თქმით, თებერვლის ბოლომდე გრიპის შემთხვევები იკლებს.
„მოსახლეობაში გავრცელებულია „ბ“ გრიპის ვირუსი, რაც ამ სეზონისთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. გრიპის ცირკულაციის აქტიური პერიოდი, როგორც წესი, 5-8 კვირა გრძელდება, რის მერეც გრიპის ვირუსით გამოწვეული ავადობა იკლებს. გრიპის ვირუსის ცირკულაცია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ავადობათა რიცხვი ნელ-ნელა იკლებს“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები