ნინო გვენეტაძე: ჩემი მიდგომა მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობაა
ის ღირებულებები, რითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილმა ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
ამასთან, გვენეტაძემ კითხვაზე, თუ იძლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას, უპასუხა – “კი, ვიძლევი”.
“ჩემი მიდგომა, როგორც მე განვაცხადე, მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობაა და არა მათთან კონფრონტაცია. ამიტომ, მე შევეცდები, კანონის მიერ დაშვებული ყველა გზითა და საშუალებით მივაღწიო მათთან საერთო ენის გამონახვას. რამდენადაც ვფიქრობ, რომ ის ღირებულებები, რითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისთვის“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში ყველა ინსტანციის დონეზე პრობლემა იკვეთებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მხრივ, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად ეჭვს ბადებდა ყოველთვის, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო და უსამართლო.
“ამ მიმართებით ყურადღება უკვე გამახვილდა და ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის შემთხვევაში, მე შევეცდები, რომ ისე, როგორც ევროპულ და დასავლურ სასამართლო და მართლმსაჯულებების სისტემებშია დამკვიდრებული, ვიზრუნო მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე. ეს იქნება წინაპირობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად, რაც მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობასთან დაკავშირებით კითხვებს აღარ დაუტოვებს პროცესის მონაწილე მხარეებს “, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.