გიორგი მარგველაშვილი: ნინო გვენეტაძე არის სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლო

ეს ადამიანი არის სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გვენეტაძის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინგადადმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში.

“გადაწყვეტილების მიღება იყო რთული, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ დავეფუძნეთ 4 ძირითად კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მოსამართლე 6- წლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე, რაც ურთულესი პროცესია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მის პრინციპულობაზე. ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში. ეს ადამიანი არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ კანონს, კანონის უზენაესობას და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც საზგადოება ამ იდეალებისთვის ბრძოლაში კარგად იცნობს და არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც. მის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინგადადმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ნინო გვენეტაძეს პარტიული კუთხითაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია.
“ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც “რესპუბლიკური პარტია” იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როცა “რესპუბლიკური პარტია” კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ადამიანის ბიოგრაფიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის სიმბოლო პრინციპულობის, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა სასამართლო სისტემის, გააჩნია ყველა იურიდიული კვალიფიკაცია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები