კახა კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია
ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისრტმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “თი-ბი-სი” ბანკის მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, “თი-ბი-სი” ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული ბანკი საქართველოში, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 10 მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა, რაც 150 მილიონი ლარის ინვესტიციაა.
“დარწმუნებული ვარ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკი მომავალშიც ბევრს საინტერესო პროექტს განახორციელებს. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მე ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია”, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის სფეროში ადგილობრივი ბიზნესი გააქტიურდა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის დიდია ინტერესია.
“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საინტერესო პროექტი განხორციელდა ამ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ რეგულაციებში, რაც თავისთავად აისახება განხორციელებულ ინვესტიციებზე. მოხარული ვარ და მოხარულია ყველა ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამ დარგში საქმიანობს, რომ ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი, დიდია ინტერესი ახალი პროექტების განხორციელებისთვის და ეს მისასალმებელია. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბანკების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საფინანსო უცხოურ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ბანკებთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“თი-ბი-სი” ბანკის ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, “თი-ბი-სი” ბანკის საკონფერენციო დარბაზში ენერგოკონფერენცია მიმდინარეობს. მას ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის USAID-ის წარმომადგენლები ესწრებიან.