დავით ბაქრაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინები და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს.
დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარდგება.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე.
“ეს იქნება მტკიცე პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ და ამ პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა პოლონეთის მზაობა დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.
“საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და თქვენი წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია”,- განდაცხადა ჰენრიკა მოშჩიცკა დენდისმა.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა უელსში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობასა და არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
პოლონურმა მხარემ საქართველოს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზგასმულ იქნა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულებით გამოწვეული საფრთხეები.
დავით ბაქრაძემ პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს განუხრელი თანადგომისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.