დავით საგანელიძე: ზოგს დემოკრატია იმის საუბარი ჰგონია, რაც ენაზე მოადგება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ გუნდში დემოკრატიულობაზე მეტად, არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობა იგრძნობა.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის შეფასების კომენტირებისას განუცხადა, დემოკრატია არის ის, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და, პირველ რიგში, გუნდს და პარტნიორებს უთანხმებ.
მისი თქმით, ზოგს დემოკრატია იმის საუბარი ჰგონია, რაც ენაზე მოადგება.
“დემოკრატია არ არის ის, რაც უფრო მეტ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, გამოხტები და აბსოლუტურად გაუაზრებელ ან კოლეგებთან შეუთანხმებელ რამეს ისაუბრებ. ამას უფრო უნიჭობა, უტაქტობა, ხშირ შემთხვევაში უჭკუობა და ამორალური საქციელია ჰქვია. დემოკრატია არის ის, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და, პირველ რიგში, გუნდს და პარტნიორებს უთანხმებ. ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობაში პრობლემებია. ყველა ფრაქციის ყველა წევრთან მაქსიმალურად ვცდილობ კომუნიკაციას, მაგრამ შეუძლებელია, 87 ადამიანთან კომუნიკაცია მქონდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.