სიმონ კილაძე: სისხლის სამართლის საქმეებს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას
ყოფილი პოლიტპატიმრის სიმონ კილაძის განცხადებით, ისეთ პოლიტიკურ საქმეებს, როგორიცაა ე.წ. ჯაშუშებისა და ფოტოგრაფების საქმეები, გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას.
როგორც სიმონ კილაძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისი საჩვენებელი დაპატიმრება თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ განახორციელა, რომელიც ცოტა ხნის წინ მის მიმართ გაჟღერებული „ცილისმწამებლური“ ბრალდებების გამო გადადგა.
„იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ და, როგორც ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებების დროს კანონს არღვევდნენ, ასეთი ადამიანები ლუსტრირებულნი უნდა იქნენ და სახელმწიფო სამსახურში მათ თანამდებობაზე დანიშვნას ფრთხილად უნდა მოეკიდონ. ჩემს საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ამიტომ მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ადამიანი ჩემს საქმეში მონაწილეობდა. მხოლოდ არის კადრები და ვიცი, რომ ზუმბაძე ჩემს დაპატიმრებაში მონაწილეობდა. ამას თვითონაც ადასტურებს, ერთ – ერთ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ „დავალებული მქონდა მხოლოდ მის დაპატიმრებაში მონაწილეობაო“, – განაცხადა სიმონ კილაძემ.
მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა, ამ შეფასებას გაგრძელება არ მოჰყვა.
კილაძე თვლის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც შეწყვეტილია, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.