ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე “აიპრესთან” ინტერვიუში იმ ბრალდებას პასუხობს, რომელიც მის წინააღმდეგ ვრცელდებოდა. იგი ადასტურებს, რომ 2009 წელს ჯაშუშობის ბრალდებიუთ დაკავებული ვახტანგ მაისაიას დაკითხვაში მონაწილეობდა. ზუმბაძის თქმით, საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა მყარი ერთობლიობა, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაისაია და სასჯელი მიუსაჯა.
მისვე განცხადებით, გამოძიების პროცესში არ ყოფილა განხორციელებული არანაირი ზემოქმედება. ზუმბაძე მაისაიას ნაძირალას უწოდებს.
რაც შეეხება მაისაიას მიერ ზუმბაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, როგორც ზუმბაძე აცხადებს, მაისაიას სურს თავის “გათეთრება” და თხზავს ათასგვარ სისულელეს, რათა საკუთარი დანაშაული გადააბრალოს სხვა ადამიანებს. „პირადად მქონდა შეხება ვახტანგ მაისაიასთან და ვმონაწილეობდი როგორც მისი, ასევე საქმეში გასული სხვა პირების დაკითხვაში. ვინაიდან დღეისთვის ხსენებულ საქმეს ადევს გრიფი “საიდუმლო”, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ პასუხს ვაგებ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე, რაც ჩემ მიერ ამ პიროვნების მიმართ გატარდა. საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა მყარი ერთობლიობა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებები – ჯაშუშური შეტყობინებების მთელი დასტა, დაშიფრული კავშირის საშუალებები, თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაისაია და სასჯელი მიუსაჯა (სხვათა შორის, განაჩენი დღესაც ძალაშია, ის არავის გაუუქმებია). რაც შეეხება მაისაიას ბრალდებებს, მას სურს თავის “გათეთრება” და თხზავს ათასგვარ სისულელეს, რათა საკუთარი დანაშაული გადააბრალოს სხვა ადამიანებს. შესაძლებელია, ეს მისი “მეგობრების” დავალებითაც ხდებოდეს, რათა მაისაიამ შეძლოს რეაბილიტაცია საზოგადოების თვალში, საინტერესო პოზიციების შექმნა და “მეგობრებთან” ძველებური თანამშრომლობის გაგრძელება. მაისაია, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ამაზრზენი და წარმოუდგენელი ტყუილი შეთხზას ჩემ წინააღმდეგ, თითქოს მე მას სხვადასხვა მეთოდით ვაწამებდი, ვახორციელებდი ფსიქიკურ და ფიზიკურ ზემოქმედებას. ამას იმისთვის აკეთებს, რომ ხალხს შეეცოდოს და მისი უდანაშაულობა დაიჯეროს. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა განხორციელებული არანაირი ზემოქმედება, პირიქით, უნდა აღინიშნოს, რომ ის აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მაშინაც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით. რაც შეეხება მაისაიას, როგორც პიროვნებას, ის არის ჩვეულებრივი ნაძირალა, სამშობლოს გამყიდველი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი ჩვენი ბიჭების სისხლზე 2008 წლის ომში, როცა ის აქტიურად გადასცემდა ინფორმაციას საკუთარ “მეგობრებს” საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. სხვათა შორის, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მაისაიას საქციელი იმდენად ამორალური იყო, რომ მახსოვს, მის დაცვაზე, მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა ადვოკატმა უარიც კი განაცხადა. მე მომხრე ვარ, სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფი და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ყველა დეტალი. გარდა ამისა, მე გამაჩნია სხვა მტკიცებულებებიც, რომლებსაც სასამართლოში მის წინააღმდეგ გამოვიყენებ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ ამ ნაძირალას წინააღმდეგ ადრევე არ შევიტანე სარჩელი იმ ცილისწამებებისთვის, რასაც იგი ჩემ წინააღმდეგ, თავის გამართლების მიზნით, ავრცელებდა“, – აცხადებს ზუმბაძე. გენინსპექციის ყოფილი მოადგილე მაისაიას ბრალდებას, რომ იგი მონაწილეობდა სერგო თეთრაძის მკვლელობის გამოძიებაში, სისულელეს უწოდებს. „მაისაიას ბრალდება, რომ მე ვმონაწილეობდი თეთრაძის მკვლელობაში, სრული სისულელეა, ვინაიდან ამ საქმეს იძიებდა სამხედრო პოლიცია და მე ვმუშაობდი შსს-ში. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოებას ჩემზე „ჯალათის“ და „მწამებლის“ წარმოდგენა შეექმნას, რაც, მაისაიას აზრით, მას საკუთარი თავის რეაბილიტაციაში, ასევე, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაში დაეხმარება“, – ამბობს ზუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები