რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა (ვიდეო)
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
„მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ოკუპაციის შედეგი. სამწუხაროა, რომ მავთულხლართების გამო ხალხს არ აქვს საშუალება, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მდებარე მათი საკუთრებით ისარგებლოს“,- განაცხადა აურესკუსმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გმობს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„გუშინ მე შევხვდი EUMM-ის რუმინულ კონტინგენტს. ჩვენი კონტრიბუცია ამ მისიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მისიაში მონაწილეობას, რადგან ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებისთვის. ჩვენ ევროკავშირის ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, – აღნიშნა ბოგდან აურესკუსმა.