„ჯოკია ბოდოკია ვერ გაბედავდა, ხელძღვანელობასთან შეუთანხმებლად, უკანონოდ, ვინმესთვის რაღაც შეღავათები დაეწესებინა“

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების ფაქტს, პარტია „ ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ნაჭყებიამ, აღნიშნული შემთხვევის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ხელისუფლების არასწორი საკადრო პოლიტიკა დაასახელა. მანვე არ გამორიცხა, რომ კორუფციულ საქმეში, ჯოკია ბოდოკიასთან ერთად, მისი უშუალო ხელმძღვანელი პირებიც ყოფილიყვნენ ჩართული.
„კადრების შერჩევის დროს ხელისუფლებამ თავიდანვე ბევრი შეცდომა დაუშვა. ცნობილია, რომ ჯოკია ბოდოკია ნარმანიას კადრია, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ კიდევ ისაა, რომ ჯოკია ბოდოკია დანაშაულის ჩადენის დროს მარტო არ იმყოფებოდა. თუ ის კომპანია ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებდა, მაშინ რატომ უნდა დასჭირვებოდა მას ქრთამის გადახდა. ერთ-ერთი სამსახურის აპარატის უფროსი ცხადია, ვერც გაბედავს და ვერც უზრუნველყოფს, რომ უკანონოდ, ხელძღვანელობასთან შეუთანხმებლად რაღაც შეღავათები დაუწესოს ვინმეს. ბუნებრივია, აქ იკვეთება ჯაჭვი, რომელსაც მერიაში მაღალი იერარქიის თანამდებობებამდე მივყავართ. შესაძლოა, მერი არ იყო საქმის კურსში, მაგრამ მისი უშუალო ხელმძღვანელობა, ბუნებრივია, საქმის კურსში იყო იმაზე, რაც ხორციელდებოდა“, – აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯოტია ბოდოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები