როგორ დაუბრუნებენ დაზარალებულ პირებს იძულებით დათმობილ ქონებას?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ამა თუ იმ პირის მიერ იძულებით დათმობილი ქონების კონფისკაცია ორი მიმართულების პროცესს გულისხმობს.
მისი თქმით, პირის მიერ იძულებით დათმობილი ქონება თუ თავის დროზე სახელმწიფოს გადაეცა და ისევ სახელმწიფოს კუთვნილებაა, აღნიშნული ქონება დაზარალებულ პის უკანვე დაუბრუნდება.
ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მხრიდან ქონება უკვე გასხვისებულია, დაზარალებული პირისთვის ზიანის ანაზღაურება უშუალოდ სახელმწიფოს მოუწევს.
“ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ყველა იმ საჩივრის იდენტიფიცირება დაასრულა, სადაც იყო პრეტენზია იძულებით ნაჩუქრობაზე, იძულებით მიყიდვაზე. საქმეები კატეგორიებად დაიყო. შეფასდა, რა ოდენობის ზიანზეა საუბარი, იძულებით გადაცემული თუ მიყიდული ქონებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, რამდენია გასხვისებული. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა, ითქვას, თუ რას და რამდენს მოერევა სახელმწიფო. ეს საქმე დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სამართლებრივი შესწავლა-გამოძიება იმის დასადგენად, მაგალითად, კონკრეტულ პირს აიძულეს თუ არა ქონების სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიყიდვა, რაც სახელმწიფოს არ გადასცემია. ასეთ შემთხვევაში ქონებრივი დავა შეიძლება ორ სუბიექტს შორის იყოს, მაგრამ ის, ვინც აიძულა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. თუ გაიძულეს, რომ ქონება სახელწიფოსთვის საჩუქრად გადაგეცათ, სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს მის მიმართ, ვინაც ეს გაიძულათ. აქ უკვე ქონებრივი დავა კონკრეტულ პირსა და სახელმწიფოს შორის იქნება, და თუ ქონება დღესაც სახელწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება დაბრუნდეს. თუ სახელმწიფომ ასეთი ქონება გაასხვისა და დადგინდა, რომ ჩუქება იძულებით განხორციელდა, მაშინ სახელმწიფომ ზიანი უნდა აანაზღაუროს. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს. მოხდა ამის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, იყო გეგმაზე საუბარი. შეხვედრა ნაყოფიერი იყო”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები