ციალა ვაზაგაშვილი: გია სოსანაშვილს ადამიანს ვერ ვუწოდებ, ის უსისხლო არსებაა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა ვაზაგაშვილი პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. ციალა ვაზაგაშვილი დარწმუნებულია, რომ გია სოსანაშვილმა დაკვეთა შეასრულა. ის იმედოვნებს, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ მალე გახდება ცნობილი და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
„დარწმუნებული ვარ, მალე დამკვეთების ვინაობასაც გავიგებთ და გამოჩნდება, ვისი სურვილი იყო ამ ტრაგედიის დატრიალება. დღეს დაკავებულს კი ადამიანს ვერ ვუწოდებ, ის უსისხლო არსებაა, არაკაცია… როგორ უნდა შეასრულო ასეთი საზარელი დაკვეთა არ ვიცი?!
ეს ამბავი მარტივად გასახსნელი არ არის, როგორც ჩანს სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ და მალე ყველა დამნაშავე დაისჯება“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ციალა ვაზაგაშვილმა.
ციალა ვაზაგაშვილმა არ იცის, იცნობდა თუ არა მისი მეუღლე გია სოსანაშვილს.
„იურა იცნობდა თუ არა მას, არ ვიცი, მაგრამ როგორც გამოჩნდა, თავად მკვლელი იცნობდა იურას და აკონტროლებდა, როდის მივიდოდა ის სასაფლაოზე“, – აღნიშნა ციალა ვაზაგაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.
“გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები