იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ოჯახის წევრები მისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან. მშობლების თქმით, სამართალდამცველები სოფელ საკორინთლოში, სოსანაშვილის სახლში გუშინ იმყოფებოდნენ და მათ ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც მშობლები აცხადებენ, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.
„რომ ვეუბნებოდი საიდან ხართმეთქი, არ მპასუხობდნენ. ავიდნენ სახლში და გაჩხრიკეს. სულ დასინჯეს ყველაფერი. არ ვიცი რას ეძებდნენ, ირაღს ალბათ. ბაღშიც გავიდნენ, ხომ არაფერი აქვს დამარხულიო. ეგეთი არაფერი არ ყოფილა. მართლა რეციდივისტი კი არ იყო“, – ამბობს სოსანაშვილის დედა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
სოსანაშვილის მამის თქმით, მისი შვილი სოფელში ბოლოს 18-19 იანვარს იმყოფებოდა.
„როცა დროს ნახულობდა ჩამოდიოდა. ორ დღეზე მეტი არ ჩერდებოდა. ბოლოს იყო 18 თუ 19 იანვარს. ზუსტად აღარ მახსოვს“, – ამბობს სოსანაშვილის მამა.