ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას ფეისბუქ-მეგობარია

 იური ვაზგაშვილის საქმეზე დაკავებულ  გიორგი სოსანაშვილს ფეისბუქის მეგობრებში  პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ჰყავს.   დღეს პროკურატურის მიერ დაკავებულ პირს,  წალკის პოლიციის მოქმედ თანამშრომელს  აღნიშნულ სოციალურ ქსელში ორი პროფილი აქვს.  „კვირასთვის“ უცნობია, რეალურად იცნობს თუ არა სოსანაშვილი ფირცხალავას პირადად,  თუმცა  ამ უკანასკნელის ფეისბუქის მეგობრებში ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის ორივე პროფილი  აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ  ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია. ხსენებულ საქმეზე, საგამოძიებო უწყებამ  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავა, მათ შორის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.
ამასთან, დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი.  როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი იყო. როგორც გიორგობიანმა „კვირას“ განუცხადა, სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობდა.
„გიორგი სოსანაშვილი ორგანოში 2005 წლიდან მუშაობს. ის აქამდე მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს ავრალოს პოლიცის განყოფილებაში, გამომძიებლად“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები