ირმა ჭკადუა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე პრაქტიკულად გახსნილია
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა იური ვაზაგაშვილის მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით კომენატრს აკეთებს. როგორც ჭკადუამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე პრაქტიკულად გახსნილია . ვაზაგაშვილების ადვოკატი სამართალდამცველებს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის.
“საქმე პრაქტიკულად გახსნილია, მკვლელი დაკავებულია. დაველოდოთ ბრალის ოფიციალურად წარდგენას და ყველასთვის ცნობილი გახდება მკვლელობის მოტივი. ძალიან დიდი მადლობა სამართალდამცველებს, რომ ოპერატიულად იმუშავეს“, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.
“გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.