იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის და ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძიება, ჩემთვის საამაყოა, – განაცხადა მიუნხენში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა, თუმცა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული.
“მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, რასაკვირველია, მაქვს ინფორმაცია ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ მირჩევნია დაველოდოთ პროკურატურას, მათ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას,” – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოძიების პროცესში იყო ჩართული.
საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.
“გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. “ფალიის სახელური”, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.