ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის
ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა რუსეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, რასაკვირველია, ამას მომზადება სჭირდება და ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებულნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციაზე პრემიერს დაუსვეს კითხვა, რა იქნებოდა უპირველესი პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს მხრიდან, რომელსაც გადადგამდა.
“ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისა და მოლაპარაკებისთვის. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვსურდა მათთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. გამოვთქვით მზადყოფნა მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ აუცილებელია ამ შეხვედრისთვის მომზადება. პრეზიდენტმა პუტინმაც განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს ახალ ლიდერებთან შესახვედრად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენც მზად ვართ ამისთვის, მაგრამ, რასაკვირველია, ამას მომზადება სჭირდება და ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებულნი. დავამატებ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ნების ნაკლებობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.