ზაალ კასრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: „დედიკოს ბიჭს“ ომობანას თამაში ისევ მოუნდა
“დედიკოს ბიჭს“ ომობანას თამაში ისევ მოუნდა – ასე აფასებს “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინულ ტელეარხ “24”-თან გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინის არმიას რუსეთის დაპყრობა შეუძლია.
კასრელიშვილს აინტერესებს, რატომ ვერ დაამარცხა 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილმა რუსეთი, თუ ყველაფერი ჯავშანტექნიკის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული.
მისი შეფასებით, გუშინ გაკეთებული განცხადებით, სააკაშვილმა აშშ “ჩაუშვა“, როცა თქვა, რომ ამერიკელები მზად არინ, უკრაინას მისცენ უპილოტო თვითმფრინავები და საარტილერიო აღჭურვილობა.
„ჩვენ გვინდა ვკითხოთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს 2008 წელს ჰქონდა თუ არა შანსი, საქართველოს ახალი ტექნიკით რუსეთის დამარცხების? ჩვენ ხომ არ გვქონდა მოძველებული ჯავშანტექნიკა?! მან ჯავშანსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ მისცა ჯარისკაცებს და ისინი ცეცხლსასროლი იარაღებისა და არტილერიის იმედად გაუშვა საბრძოლველად. ასევე, გვაინტერესებს რატომ არ გამოიყენა 2008 წლის ომში ჩრდილო კავკასიელები, რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, საქართველოს მხარეს ებრძოლათ რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღდეგ ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე.
მე სააკაშვილის გუშინდელი განცხადებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას როგორც “დედიკოს ბიჭს“ ომობანას თამაში ისევ მოუნდა. სააკაშვილი ირეალურ სამყაროში ცხოვრობს და ჰგონია, საკუთარ სახლში, ოთახშია ჩაკეტილი და როგორც პატარა ბავშვს, ისე შეუძლია ითამაშოს ტანკებით“, – განუცხადა “კვირას“ ზაალ კასრელიშვილმა.
მისი შეფასებით, იმ ფონზე როცა მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინას შორის არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის მშვიდობიან ხერხებს ეძებენ, სააკაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას ცდილობს და პოროშენკოს სავალალო შედეგების მომტან რჩევებს აძლევს.
კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე სააკაშვილსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირება მოხდება.
„იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაძლევის მშვიდობიანი გზები გამონახოს, სააკაშვილი პოროშენკოს უკიჟინებს, ომში აქტიურად ჩაერთოს. მეტიც, მან გუშინ ამერიკის სპეციალური სამსახურების საიდუმლო ოპერაცია ჩაუშვა, როცა თქვა, რომ აშშ-ს ტექნიკა გზაშია და უკრაინისკენ მიემართება. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის წლის ბოლომდე ურთიერთობა დაიძაბება. სააკშვილი დაპირებულ გრანტებს და ინვესტიციებს ვერ მიიზიდავს უკრაინაში, უკრაინელი ხლახი მიხვდება, რომ სააკაშვილის ყოვლისშემძლეობის შესახებ შეხედულებები მითია“, – აღნიშნა კასრელიშვილმა.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ ხელმძღვანელის მტკიცებით, სააკაშვილი უკრაინაში მშვიდობისთვის არ იბრძვის და მას იქ ფინანსური ინტერესები აქვს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთად ცდილობს უკრაინაში შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და რაც შეიძლება დიდძალი თანხა დააგროვოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ერთ-ერთი უკრაინულ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ უკრიანას რუსეთის დაპყრობის რესურსი ნამდვილად აქვს, ერთადერთი ხელის შემშლელი პირობა კი მოძველებული ჯავშანტექნიკაა.
„უკრაინულ სამხედრო ძალებს, რუსეთის მთლიანად დაპყრობა შეუძლიათ. ერთადერთი, რაც მათ ეხლა ხელს უშლით, მათი მოძველებული ჯავშანტექინკაა, თუმცა თუ ამერიკა უკრიანას თავისი ახალი ტექნიკით მოამარაგებს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, გაანადგურებს, პირველ 50 რუსულ ტანკს და ყველაფერი სხვაგვარად განვითარდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.