“სხვადასხვა ძალები ეცდებიან კუბლაშვილის შემცვლელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინონ”
ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე ისაუბრა.
გიორხელიძე ეჭვობს, რომ სხვადსხვა ძალები ეცდებიან საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი პიროვნება თავმჯდომარედ გაიყვანონ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომავალი თავმჯდომარე მოსამართლეთა კორპუსიდან უნდა იყოს შერჩეული.
„დღევანდელ სიტუაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი პოლიტიკისგან დისტანცირებული ვერაფრით იქნება. არა გვაქვს ის ინსტიტუციონალური სისტემა აგებული როდესაც შესაძლებელია ხელისუფლების ფაქტიურად ფუნდამენტალური შტო იზოლირებული იყოს პოლიტიკიდან. ამიტომ ყველა ეცდება რომ თავისი გავლენის კადრი დაინიშნოს თავმჯდომარედ რომ სასამართლო კვლავაც გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მძლავრი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის გვექნება თოკის გადაწევის საფრთხე თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს გაიყვანოს თავისი კანდიდატი. ცხადია თავისი კანდიდატის გაყვანა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ ძალას ხელეწიფება. შეუძლებელია მოსამართლეთა შორის არ მოიძებნოს ერთი პრინციპული, საღად მოაზროვნე ადამიანი რომელსაც შეეძლება ამ რთულ ვითარებაში გასწიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა და ადამიანებს დაუბრუნოს ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ “- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.