“ნაციონალები“ იცავდნენ დემოკრატიას იგივეა, რომ მეკობრეებმა მეზღავაურების დაცვის პროფკავშირები შექმნან”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლო მცდელობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გია ვოლსკიმ განმარტა, საქართველოში დესტაბილიზაცია და არასტაბილური გარემო შესაძლოა გარე რუსეთის მიერ იყოს გამოყენებული.
„სახელმწიფოს საკმაოდ მცირე რესურსები გააჩნია, რომ დიდ შემოტევებს გაუმკლავდეს. ამის უამრავი ფაქტორი შეიძლება იყოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არ მინდა საერთაშორისო ურთიერთობებს გადავწვდე და ქვეყნები დავასახელო, თუმცა რუსეთი ალბათ არ იქნება წინააღმდეგი თუკი საქართველოში მუდმივი დაძაბულობის ფონი იქნება შენარჩუნებული. ასეთი პროცესი ყოველთვის გამოიყენება იმ ქვეყნის მიერ, ვისაც ეს დაძაბულობა აწყობს. სტაბილური ქვეყანა, სადაც ინვესტიციები შემოდის, სადაც ტურისტი დაცულად გრძნობს თავს ბევრ ქვეყანას არ აწყობს. დამერწმუნეთ, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის სურვილი რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. რამდენჯერმე იყო მცდელობა რომ მასიური გამოსვლებისთვის მიეცათ საწყისი. „ნაციონალები“ იცავდნენ დემოკრატიას ეს იგივეა, რომ მეკობრეებმა მეზღავაურების დაცვის პროფკავშირები შექმნან. მათი ქმედებები მიმართულია იქეთკენ, რომ საზოგადოებაში რყევები დაიწყოს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში შესაძლო მისვლას, რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში გამორიცხული არ არის რომ მინისტრი პარლამენტში მივიდეს,თუმცა ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერი მინისტრის პარლამენტში მისვლა პოლიტიკურ ცირკს, სკანდალს და ბერიკაობას უკავშირდება.