გია ვოლსკი: მე „რესპუბლიკელებს“ კოალიციაში ვხედავ
„თუ ვინმე, რომელიმე პარტიის წევრობის გამო დაიჩაგრა და ამის გამო კარგი კადრი იქნა უგულებელყოფილი, ეს სერიოზული შეცდომაა, მაგრამ შეცდომაა ისიც, რომ კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოზე განსახილვევი და იქ სათქმელი თემები საჯაროდ გამოიტანონ და ხმამაღალი განცხადებები აკეთონ, მანამ სანამ ეს საკითხი გუნდში არ განიხილება“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
გა ვოლსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირადად მას ან მის რომელიმე კოლეგას მიმართონ.
„თუ ასეთი პრეტენზია არსებობს და ასეთი რამ ხდება, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ასეთი არასწორი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა შეუძლია პირადად მე ან ჩემს კოლეგებს მოგვმართოთ. რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს ადამიანი, დაუშვებელია რომ პოლიტიკური ნიშნით დაიჩაგროს. თუმცა, მეორე მხრივ დაუშვებელია პოლიტსაბჭოზე განსახილველი თემა ასე გამოიტანო. ეს აჟიოტაჟის გარდა არაფერს წარმოშობს. შეიძლება რომელიმე ადგილზე ერთი-ორმა ადამიანმა ინიციატივა გამოიჩინა და არასწორად იმოქმედა. თუ ვინმემ შეცდომა დაუშვა და შენიშვნას იმსახურებს ამისთვის არსებობს პოლიტსაბჭო, სადაც მსგავს საკითხებზე მსჯელობენ და შემდეგ აკეთებენ ასეთ ხამამაღალ განცხადებებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ „რესპუბლიკლების“ კოალიციიდან შესაძლო გასვლის შესახებ ისაუბრა.
„რესპუბლიკელებს“ კარგი პოტენციალი გააჩნიათ, მხარადმჭერებიც ჰაყვთ, ინტელექტუალური რესურსიც გააჩნიათ და საკმაოდ პროდუქტიულია მათი მონაწილეობა კოალიციურ საქმიანობაში. მე ვხედავ „რესპუბლიკელებს“ კოალიციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, არის ცალკეული ფაქტები, როდესაც პარტიის წევრებს ემუქრებიან, ან სამსახურის სანაცვლოდ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების პირობას უყენებენ. „კონკრეტულ შემთხვევებსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენს წევრებს – ზოგს ემუქრებიან, ზოგს ეუბნებიან, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი პარტიას დატოვებენო. ასეთი ფაქტები არის. ახმეტაში დატოვა ერთმა პირმა პარტია. თბილისშიც მოხდა ასეთი ფაქტი, როდესაც ძალიან დაბალი რანგის, ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციაზე დანიშვნის პირობად პარტიის დატოვება წაუყენეს და მან დატოვა პარტია”, -განაცხადა სამნიძემ.