ადვოკატები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს ზაქარია ქუცნაშვილს უჭერენ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ადვოკატები მხარს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უჭერენ. როგორც მათ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, პოლიტიკოსობა არ შეიძლება აღნიშნულ პოსტზე ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდეს. მათი თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი პრინციპული ადამიანი და პროფესიონალია.
როგორც ადვოკატმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტარიელ მურმანიშვილმა განმარტა, საუბრები იმაზე, რომ პოლიტიკური წრიდან გამოსული ადამიანი არ შეიძლება იყოს უზენაესის თავმჯდომარე, პიროვნებას დისკრეციაში აყენებს და მას თავისუფლებას უზღუდავს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე აუცილებელია მაღალი მორალური თვისებების მქონე და პრინციპული ადამიანის შერჩევა. ამასთან, იგი პროფესიონალი და სამართლიანი უნდა იყოს. ვერ დავეთანხმები იმ პოზიციას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ეს დამოკიდებულება პიროვნებას დისკრეციაში აყენებს და არჩევანს უზღუდავს. საქართველოს კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის დროს რაიმე შეზღუდვას არ გვიწესებს. პირიქით, თუ მომავალ თავმჯდომარეს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება ექნება, უფრო მართებული მგონია“,- განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.
ქუცნაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის მიზეზად ადვოკატებმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთ ფაქტს გაუსვეს ხაზი.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ზაქარია ქუცნაშვილზე ზეწოლის მიზნით ხელისუფლებამ მისი მამა დააპატიმრა, ქუცნაშვილი გავლენის ქვეშ მაინც ვერ მოაქციეს. რაც შეეხება პოლიტიკასთან ქუცნაშვილის კავშირს, ადვოკატ ირაკლი ნარმანიას მტკიცებით, პოლიტიკური კარიერა უფრო იძლევა იმის შეფასების საშუალებას, თუ რა წარსული ჰქონდა მას და რამდენად პრინციპულია.
„არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკური კარიერა უფრო გაძლევს ადამიანს იმის შეფასების საშუალებას, თუ რა წარსული ჰქონდა მას და რამდენად პრინციპულია. ამ კუთხით ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა სავსებით მისაღებია. რაც შეეხება ლადო ჭანტურიას, ის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრია. შენიშვნები, რაც მის მიმართ ისმის, ეს იმ ეპოქისა და იმ პერიოდის შენიშვნებად შეიძლება დასახელდეს, ვიდრე მისი პიროვნების ნაკლოვანებად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს კვალიფიციური, საადვოკატო ან სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებით, პრინციპულობით და მაღალი ზნეობით გამოირჩეოდეს. ამ კრიტერიუმებს ზაქარია ქუცნაშვილი აკმაყოფილებს. მას გააჩნია საადვოკატო გამოცდილება. ის რამდენიმე შემეცნებითი პროექტის ხელმძღვანელი იყო. ასევე მთავარია, რომ მასზე გავლენა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდმაც ვერ მოახდინა. მისი საქმიანობის გამო მას მამაც დაუპატიმრეს და, გარკვეულად, იდევნებოდა კიდეც, თუმცა მას ამის გამო პოზიცია არ შეუცვლია“,- განაცხადა ირაკლი ნარმანიამ.
კოლეგების მოსაზრებას იზიარებს ადვოკატი კახა ცნობილაძეც. მისი თქმით, მოქმედი დეპუტატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს პრინციპული, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური წრის გავლენის ქვეშ არ მოექცეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკოსი და რაიმე გავლენა აქაც უნდა გამორიცხოს. ასეთია ზაქარია ქუცნაშვილი. ის ძალიან პრინციპულია, მას აქვს საადვოკატო გამოცდილება და ზნეობრივია. საზოგადოება კარგად იცნობს და მენეჯმენტის უნარითაც გამოირჩევა“,- განაცხადა კახა ცნობილაძემ.