“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას არ შესთავაზებს
“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას არ შესთავაზებს. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი შეთავაზების გაკეთება არასწორი იქნება.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს წარუდგინა ის კრიტერიუმები, რითაც მან უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს. რაც შეეხება ჩვენ მიერ კანდიდატურის შეთავაზებას, ამას არ ვგეგმავთ, რადგან ეს იქნება პოლიტიკური შეთავაზება. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი რამ სწორი არ იქნება”, – განმარტეს პარტიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად ჯერ პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები გამართა, რომლის ფარგლებშიც იმ კრიტერიუმებზე შეთანხმდნენ, რომლებსაც ახალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. ამის შემდეგ, 28 იანვარს კი, ქვეყნის პირველმა პირმა შემდეგი ეტაპი გამოაცხადა და მიმართა პარტიებს, არასამთავრობებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურები 9 თებერვლამდე წარადგინონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს პროცესი დაწყებულია. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტს საკუთარი გუნდის წევრის – შალვა შავგულიძის კანდიდატურას შესთავაზებენ “თავისუფალი დემოკრატები”.