შს მინისტრი არჩევნების წინა პერიოდს იხსენებს – „მივიღეთ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის შესახებ“
საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც 2013 წლამდე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, „კვირის ქრონიკასთან“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს იხსენებს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, დაცვის წევრებმა მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და შესაბამის ღონისძიებებს მიმართეს (დაცვა გააძლიერეს).
გომელაური იხსენებს, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსხურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს დაცვის პოლიციაში და უთხრეს, რომ დაცვის წევრებს იარაღი ჩაებარებინათ, როცა მიზეზი იკითხეს, პასუხი მიიღეს, რომ იარაღი ბალისტიკაზე უნდა შეემოწმებინათ.
„როცა გავიგეთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, მივიღეთ ინფორმაცია მისი შესძლო ლიკვიდაციის შესახებ. ჩვენც მივმართეთ შესაბამის ღონისძიებებს და დაცვა გავაძლიერეთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსხურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს დაცვის პოლიციაში და უთხრეს, რომ დაცვის წევრებს იარაღი ჩაგვებარებინა, როცა მიზეზი ვიკითხეთ, გვიპასუხეს, რომ იარაღი ბალისტიკაზე უნდა შეემოწმებინათ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩაგვაბარებინეს და პისტოლეტების ამარა დაგვტოვეს ამ ადამიანთან. რა თქმა უნდა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბევრ საფრთხეს გვიქმნიდნენ, ახდენდნენ ესკორტზე ზეწოლას, გვიხერგავდნენ მაქანებს, და ა.შ თუნდაც ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ ჩვენი ესკორტი პატრულმა გააჩერა და თითქმის ნახევარი საათი დაგვაყოვნა. ესკორტის გაჩერება მოხდა აბსოლუტურად უმიზეზოდ.
მაშინ ჩვენ ყოველ წუთას ცუდის მოლოდინში ვიყავით და ბატონ ბიძინას ვთხოვეთ, მანქანიდან არ გადმოსულიყო, მაგრამ ის მაინც გადმოვიდა და პატრულს უხსნიდა, – არ ხართ მართლები, ნუ ემსახურებით კონკრეტულ ადამიანებს, ემსახურეთ ხალხს და აკეთეთ თქვენი საქმეო. კადრებშიც ჩანს, რომ უმიზეზოდ გაგვაჩერეს, პოლიციელები გაჩერების სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ, ამიტომ იყო, ბატონმა ანზორმა პატრულს რომ მიმართა, ერთ აზრზე მაინც ჩამოყალიბდითო. რეგიონებშიც იყო საფრთხეები, გზებს გვიკეტავდნენ, მიტინგების ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.