ხაინდრავას სკანდალური განცხადება და ლომჯარიას პასუხი: მე თქვენ გიჩივლებთ…
გადაცემაში “იმედის კვირა” გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნები” და “გამჭვირვალე საქართველო”, კვლევების ჩასატარებლად დაფინანსებას კორუფციული სქემით იღებენ.
მისივე თქმით, შვედეთის ბიუჯეტიდან საქართველოს სიღარიბის დაძლევის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა პოლიტიკური ხასიათის კვლევებს მოხმარდა და არა აღნიშნულ პროგრამას.
“შვედეთის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამა და არა ის კვლევები, რომლებიც აქ NDI ის მეთაურობით ტარდებოდა. ეს იყო კვლევები, რომლებიც ემსახურებოდა არჩევნების გაყალბებას და “ნაციონალური” მმართველობის შენარჩუნებას. როდესაც ჩვენ შვედ კოლეგებთან ერთად დავიწყეთ ამ სქემების გახსნა და გაშლა, აღმოჩნდა, რომ სიღარიბის დაძლევის მაგივრად, ეს ფული მიდიოდა სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად. ეს კვლევები პირდაპირ პოლიტიკური ხასიათის იყო. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიცაა “სამართლიანი არჩევნები” და “გამჭვირვალე საქართველო”, ამ სიღარიბის პროგრამიდან გამოყოფილი ფულით მილიონობით დოლარს იღებდნენ, თუმცა იღებდნენ ლეგალურად, ისინი კორუფციული სქემის მონაწილენი არიან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “იმედის კვირაში”.
გოგა ხაინდრავას ამ განცხადებას გადაცემაშივე უპასუხა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ და აღნიშნულს სასაცილო ტყუილი უწოდა.
“ეს არის სასაცილო ტყუილი და მე თქვენ ამისთვის გიჩივლებთ, ბატონო გოგა!” – მიმართა ლომჯარიამ ხაინდრავას.