დიმიტრი ხუნდაძე: ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
„ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისათვის მაგრამ ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირ ჩარევები, მიუღებელია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების თანახმად, ევროკავშირი გმობს საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს.
დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ამ პოზიციის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს ინსტიტუციაა მხილებული საქართველოსთან მიმართებით განხორციელებულ ცალმხრივ ცენზურაში.
„ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ ირჩევს მოქმედებას საბჭოთა მეთოდებით და ყველაფერს რუსულს არქმევს.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში იურიდიულმა დეპარტამენტმა, სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ეწევა ცალმხრივ ცენზურას, რაც არის უსამართლობის ერთ-ერთი ფორმა.
ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისათვის მაგრამ ასეთი დესტრუქციული წახალისებები, პირდაპირ ჩარევები შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში, არჩევნების გაყალბება, არჩევნების მათთვის სასურველი შედეგების იძულება და ამ კუთხით ამომრჩევლებზე მუქარა, რა თქმა უნდა, მიუღებელია,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.