„ადეიშვილის დაცვამ ცოლი წამართვა, ახლა შვილის გარეშეც მტოვებენ“
ყოფილი განსასჯელი ლუკა მ. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაცვის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც მკითხველს გაზეთი „ვერსია“ სთავაზობს. როგორც ყოფილი პატიმარი გამოცემასთან საუბრობს, მას წინა ხელისუფლების დროს მეუღლე „წაართვეს“.
„ლამაზია ჩემი ცოლი, ოღონდ ისეთი ლამაზი კი არა, ჩვენს ვითომ ვარსკვლავებს რომ აჩვენებენ ტელევიზორში. აი, მაკა ასათიანი ხომ ლამაზია? მაგაზე ლამაზია ჩემი ცოლი. ახლა არ მითხრა, როგორ გამოგყვა, თუ ასეთიაო. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, ბაღიდან… ვუყვარდი და გამომყვა. ჰოდა, ერთ დღეს ცოტა ანერვიულებული მოვიდა სახლში, მარკეტში ვიღაც ტიპი გადამეკიდა, გინდა თუ არა, მითხარი, ვინ ხარო. ამას არაფერი უთქვამს, მაგრამ მერე გამოტყდა, რომ ის ტიპი მეორედ შეხვდა უკვე. პირველად შემთხვევით, მეორედ სპეციალურად დააბირჟავა მარკეტის წინ, მანქანით ელოდა თურმე და უთქვამს, ხვალაც აქ ვიქნები და ზეგაც, სანამ არ გავიგებ, ვინ ხარო. მეორე დღეს მეც გავყევი და იმის მიუხედავად, რომ კაცი ახლდა, ის ტიპი მაინც გადმოხტა „ლექსუსის“ ჯიპიდან, პირდაპირ მოვიდა და ჩემს ცოლს მკლავზე მოკიდა ხელი, ხომ გითხარი, დაგელოდებიო. არც დავფიქრებულვარ, ისე დავარტყი. მოსულმა გაოცებით შემომხედა, მერე ნიკაპში ისეთი ამომცხო, გავითიშე. აზრზე რომ მოვედი, სადღაც ოთახში ვეგდე. კარგი ნაცემი ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა. ცოტა ხანში ის ტიპი მოვიდა ისევ, წიხლი ჩამაზილა, მაგინა და მერე მითხრა, ვინ ჩემი სირი ხარ, ამდენს რომ ბედავო?! გესმის?! ცოლს ვიცავდი და თურმე ვბედავ. ხმა არ ამომიღია. საღამოს გარეთ გამომიყვანეს და მივხვდი, წყნეთში ვყავდი. ვიპოვი ახლაც იმ სახლს, რომ გამიშვან. დამაგდეს ქუჩაში ასე ნაცემი და წავიდნენ. მხოლოდ ერთი კაცი ეხმარებოდა. „ლექსუსის“ ნომერი დავიმახსოვრე, დამალვა არც უცდიათ და მერე ჩემს მეგობარ პატრულს ვთხოვე, გამირკვიე, ვინ არის-მეთქი. იმანაც გაარკვია და მითხრა, მაგ მანქანით ადეიშვილის დაცვა მოძრაობსო. მივხვდი, შარში ვიყავი. შინ მისულს ცოლმა მითხრა, რომ გაითიშე, კივილი ავტეხე, მაგრამ იმ ტიპმა მანქანაში ჩაგტენა და წაგიყვანაო. არაფერს ერიდებოდნენ. სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რაღაც. საბურთალოზე, უბანში, სადაც ბავშვობა გავატარეთ, ბინა ორივეს გვქონდა. ორივემ გავყიდეთ. და ავჭალაში გადავედით. თითქოს ყველაფერი დამთავრდა… მაგრამ მალე იქაც მოგვაგნეს. ჩემს ცოლს პირდაპირ უთხრეს, შეეშვი მაგას, ცხოვრებას განახებთო. ახლაც არ ვიცი, რა გზებით, მაგრამ ადეიშვილამდე მივედი. მიმიღო, მომისმინა, საერთოდ, სიტყვაც არ უთქვამს, ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ თავი დაიქნია და გამომიშვა. მეორე დღეს ჩემს შპს-ში ფინანსური შემოვიდა, დარღვევები აღმომიჩინეს და ბორკილებით გლდანში გამაქანეს. კინაღამ მომკლეს ცემით. ერთხელ, მეორედ, მესამედ… ადვოკატს ყველაფერს ვუყვებოდი. მას ჩემებთან გქონდა კავშირი. ერთ დღეს გამომიცხადა, შენი ცოლი სახლიდან წავიდა, ვიღაც ტიპთან ცხოვრობსო. კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ ციხიდან რა უნდა მექნა?! სამაგიეროდ, მიდგომა შეიცვალა – მცემდნენ კი არა, ხელისგულზე მატარებდნენ და ვხვდებოდი, ამის საფასურს გარეთ ცოლი ნატურით იხდიდა. ისევ ესენი არიან ვლასტში, მე როგორც მითხრეს, ჩემი ცოლი ახლა სხვასთან არის, კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან. ზამთარ-ზაფხულ ევროპული თუ აზიური დასვენება არ აკლია, ბავშვი ხან მაგასთან არის, ხან ჩემებთან. სამსახურიც დაიწყო სადღაც პიარში თუ რაღაც სისულელეში და მე კიდევ ამ ყველაფერს ისე მიგზავნიან, არ ვითხოვ. მოაქვთ, ტოვებენ და ეგ არის რა… ახლა რა უნდა დავაპირო, მითხარი?! შემომითვალეს, რომ გამოხვალ, ევროპაში გაგიშვებთ, საქმესაც გინახავთო. იციან, ენები ვიცი, არ გამიჭირდება იქ, მაგრამ… ცოლი წამართვეს, ახლა შვილის გარეშეც მტოვებენ. ვიღაც რომ მოვკლა, მეც მომკლავენ. თავს ხომ არ მოვიკლავ?! მითხარი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?! P.S. ლუკა მ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მალე გაუშვეს. ორ კვირაში სამშობლოს დატოვება მოსთხოვეს და ისიც იძულებული იყო, დამორჩილებოდა. მუშაობა ევროპაში, სასტუმროს მენეჯერად დაიწყო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა კარგა ხნით აეკრძალა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლუკა დაბრუნდა და… ცოლს შეურიგდა…“ – წერს ვერსია.